ასლან უსოიანის დედა და ძმა კუკიის სასაფლაოზე არიან დასაფლავებული. ეს საფლავი ბევრად უკეთაა „გაკეთებული", ვიდრე სხვა ქურთული საფლავები. ბუნებრივია, ოჯახს, ისევე, როგორც თვით ასლან უსოიანს, მისი იქ დასაფლავება ენდომებოდა მიუხედავად იმისა, რომ თავად თბილისში ბოლო 30 წელია არც ყოფილა 2 - 3 დღეზე მეტი ხნით. „დამოუკიდებელ საქართველოში" კი საერთოდ არ იქნება ნამყოფი.
მოსკოვის ყველაზე მდიდრულ „ნოვოდევიჩის" სასაფლაოზე მისი დაკრძალვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა „პადელნიკებმა" მაინც სცადეს ცხედარი ჩარტერული რეისით თბილისში გადმოესვენებინათ. მაგრამ თბილისის აეროპორტმა ბორტის მიღებაზე სასტიკი უარი განაცხადა. ბუნებრივია, ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, რომელსაც აშკარად შეეშინდა, რომ მიშასა და მის გუნდს „სათქმელს" მისცემდა: აქაოდა, ხომ ხედავთ, „ჩვენ ჩამოვშორდით თუ არა ხელისუფლებას, საქართველოში ქურდული „სხადნიაკები" განახლდაო".
მართლა გადაიქცეოდა თუ არა უსოიანის დასაფლავება ამგვარ „სხადნიაკად" სხვა საკითხია: დღეს საქართველოში არც ერთი „კანონიერი ქურდი" არ მოიძვება. საეჭვოა, უსოიანს მოსკოვიდან ვინმე გამოჰყოლოდა: ორი თავი არავის აქვს - ივანიშვილის ხელისუფლება სულაც არ აპირებს „ნაციონალების" მიღებული კანონის გაუქმებას, რომლითაც „რამკიანი" შეიძლება დააპატიმრონ არა კონკრეტული დანაშაულისთვის, არამედ „ქურდული ტრადიციების" მიმდევრობისთვის. მაგალითად მხოლოდ იმ ბრალლდებით, რომ არ უარყო ამ ტრადიციების მიმდევრობა და არ თქვა „ქურდი არა ვარო".
შაბათ საღამოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სომხეთიდან აპირებდნენ „ვიღაცეები" ჩამოსვლას დასაფლავებაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ეს ალბათ უფრო იქაური ქურთ-ეზიდების დელეგაცია იყო, ვიდრე კრიმინალურ ავტორიტეტთა ვიზიტი. ამ კატეგორიამ „დედ-ჰასანს" უკვე მიაგო პატივი მოსკოვში და შემდეგ ცხედარი ოჯახს, აგრეთვე ქურთ-ეზოდთა თემს გადასცა: ახლა თქვენი ტრადიციების მიხედვით დაკრძალეთ ეგ კაცი დედის და ძმის გვერდითო. ანუ, არანაირო „სხადნიაკი" და „ქურდული დემონსტრაცია" არ იგეგმებოდა, მაგრამ რაკი ოპოზიციას „სათქმელი" მაინც მიეცემოდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავი დაეზღვია.
აქ საინტერესოა, რა სამართლებრივ საფუძველს ეყრდნობოდა ეს აკრძალვა? ადამიანი მოკვდა და მისი გადმოსვენება საქართველოს მოქალაქეებს სურდათ. როგორ არეგულირებს ამ საკითხებს კანონმდებლობა? თუ არ არეგულირებს და „მკვდრებს არ ებრძვის", მაშინ გამოდის, ივანიშვილის ხელისუფლებამ იმოქმედა ზუსტად იმ სტილში, როგორც მოქმედებდა მიშას ხელისუფლება. ანუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის და არა კანონის შესაბამისად. შეიძლება სწორადაც მოიქცა, მაგრამ აქ საგულისხმოა პრეცედენტი და „სტილური მსგავსება", როცა განმსაზღვრელია არა „იურიდიული სისულელეები", არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ნება, იმოქმედოს ისე, როგორც თავად მიაჩნია მიზანშეწონილად პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ეს მოსაზრებები კი ამ, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, შეიძლება პირდაპირ კორელირებდეს ქვეყნის ინეტესებთან, ან მხოლოდ კონკრეტული ხელისუფლების ინტერესებს შეესაბამაბოდეს. ვიმეორებ: მთავარია სტილი და პრეცედენტი, თორემ ხსენებულ „გიმელს", ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მართლა რა აკავშირებდა საქართველოსთან გარდა ლოტკინელობის და ქართველი ქურდებისა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თავისთავად, „დედ ჰასანის" ლიკვიდაცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროსთვის. შეიძლება ითქვას, იგი ამ „სახელგანთქმული პლეადის" უკანასკნელი მოჰიკანი იყო. მისი მკვლელობით დასრულდა მთელი ეპოქა და საბჭოთა კავშირსაც სწორედ ამით დაესვა საბოლოო წერტილი, რაკი ეს ფენომენი (ე.წ. „რამკიანებისა") სწორედ საბჭოთა „ლაგერული სისტემის" პროდუქტი გახლდათ.
თავის დროზე, იგი წარმოიშვა ორი ურთიერთდაკავშირებული ფენომენის თანხვედრის შედეგად: პირველ რიგში, საბჭოთა პენიტენციური სისტემა გულისხმობდა „გულაგის არხიპელაგში" (როგორც მას ალექსანდრე სოლჟენიცინმა უწოდა) დიდი კოლექტივების შექმნას. თანაც, არა მხოლოდ ზონებში (მანამდე „ლაგერებში"), არამედ საპყრობილეებშიც. ბუნებრივია, ვიწრო სივრცეში ჩაკეტილ მრავალწევრიან კოლექტივში მიმდინარეობდა გაფთრებული ბრძოლა იმ მწირი რესურსებისთვის („პალაჟენიისთვის") რაც იქ მოიძევებოდა. რესურსთა გადამანაწილებელი „უმაღლესი ქურუმების" როლი კი სწორედ ქურდებმა მოირგეს.
შემდეგ ხდებოდა ამ გავლენის ექსტრაპოლირება ციხიდან - გარე სამყაროზე, სადაც აგრეთვე აუცილებელი იყო არაფორმალურ ურთიერთობათა მარეგულირებელი და სოციალური კონტროლის ინსტიტუტის არსებობა. საქართველოში ამ ინსტიტუტმა განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა ჩვენი სახელმწიფოებრივი უკულტურობის და სოციალური რეგულირების ლეგალური ინსტიტუტთა ისტორიული სისუსტის შედეგად. ანუ იმის გამო, რომ „არაფორმალურ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სეგმენტი" ჩვენში ისე ფართო და ყოვლისმომცველი იყო, როგორც არსად სხვაგან! აქედანვე გამომდინარეობდა ქურდების უნიკალური გავლენა ე.წ. „ელიტაში" და ჯაბა იოსელიანის ფენომენი.
მეორე მიზეზი (ბევრს იგი შეცდომით ეჩვენება უმთავრესად და უფრო წონადად, პირველთან შედარებით) გახდა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის დაინტერესება, დაყრდნობოდა ქურდების კასტას პატიმართა უზარმაზარი მასის სამართავად და ციხეებში „ბესპრედელის" თავიდან ასაცილებლად. მით უმეტეს, რომ ათწლეულების მანძილზე პატიმართა მრავალმილიონიანი კონტინგენტი „შრომით ბრიგადებად" იყოფოდა და საწარმოო გეგმებიც კი ჰქონდა. მხოლოდ რეპრესიული აპარატი, როგორი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო, მის პროდუქტიულ მართვას ვერ შეძლებდა.
მაგრამ გავიდა დრო, დაინგრა საბჭოთა-კომუნისტური ფორმაცია, თანდათან იცვლება სისტემა თვით რუსეთშიც. ანუ ნიველირდება ორივე ფაქტორი: პატიმართა მასა აღარ გამოყენება გიგანტურ შრომით კოლექტივებად დიდი ჰიდროელექტროსადგურების ან ვოლგა-დონის მსგავსი სამდინარო არხების მშენებლობებზე. გარდა ამისა, თანამედროვე სახელმწიფო აპარატიც ყველანაირად ცილობს, შეამციროს „არაფორმალურ ურთიერთობათა" სეგმენტი და ყველა ურთიერთობები თვითონ, კანონის მეშვეობით დაარეგულიროს. საბჭოთა ეპოქაში ეს შეუძლებელი გახლდათ: აბა როგორ უნდა დაერეგულირებინა სახელმწიფოს, მაგალითად, კერძო-სამეწარმეო, მათ შორის გაცვლითი ხასიათის ურთიერთობები, როდესაც თვით კერძო საკუთრება და ვაჭრობაც იკრძალებოდა? აქედან გამომდინარე, თანდათან მოხდა „არაფორმალური რეგულატორისა" და სოციუმში ურთიერთმოქმედებათა „არალეგალური კონტროლის" ინსტიტუტთა ნიველირება. სახელმწიფო (ციხის გარეთ) მათ უკვე არა მტრად, არამედ კონკურენტად აღიქვამდა. ამ გარემოებამ შექმნა პარადოქსი: აღმოჩნდა, რომ ინსტიტუციის ფიზიკური განადგურების მოტივაცია კონკურენტის მიმართ უფრო არსებობს, ვიდრე მტრისა.
ამიტომაც, „დედ ჰასანის" მკვლელობასთან დაკავშირებით გამოთქმული ვერსიებიდან ყველაზე სარწმუნოდ ის მეჩვენება, რომ იგი რუსულმა სპეცსამსახურებმა პუტინის დავალებით „გაასაღეს". ფაქტია, მკვლელმა უიშვიათესი სნაიპერული შაშხანა გამოიყენა და პირველივ ტყვია მსხვერპლს ზუსტად კეფაში მოარტყა.
თუმცა ჩვენში, როგორც ჩანს, ბევრად უფრო პოპულარული და „სასიამოვნოა" მეორე ვერსია, რომ „დედ ჰასანი" ქართველმა კანონიერმა ქურდებმა: ლეგენდარული არსენა მიქელაძის უმცროსმა ვაჟმა ჯემალ (ჯემა) მიქელაძემ და მერაბ ჯანგველაძემ „შეუკვეთეს" მას შემდეგ, რაც დუბაიში (!) დიდი, 60 კაციანი „სხადნიაკი" მოაწყვეს, რომელსაც 60 ქურდი ესწრებოდა. 18 ახალი „რამკიანი" „წამოაყენეს", მათ შორის 8 თუ 9 ქართველი. ამ ვერსიის მიხედვით, მთავარი შემკვეთი ტარიელ ონიანი (ტარო) იყო, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის ქართველი ბიზნესმენის მოტაცებისთვის.
კრიმინალურ კლანთა ომი, რასაკვირველია, რეალობაა, მაგრამ „დედ-ჰასანის" ლიკვიდაციის „ხელწერა" უფრო სპეცსამსახურთა მოქმედებას გავს. პუტინს, რომელიც რუსეთში თვითონ „ზის ქურდად", როგორც ჩანს, მოსწყინდა ამათი „გრიმიტის" ყურება და რაკი ინსტიტუტი სოციალურად უკვე ისედაც ძირგამომპალია, გადაწყვიტა, ერთი დარტყმით გამოეცალა მისთვის უკანასკნელი საყრდენი, რის შედეგადაც იგი საბოლოოდ ჩამოიშლება, ხოლო „დუბაის სხადნიაკის" მონაწილეებს, ისევე როგორც „დედ ჰასანის ბრატკებს" (იქაც უამრავი ქართველი იყო) სადმე სამხრეთ იტალიის სანახებში ან საფრანგეთის „შატოებში" მოუწევთ წყნარი ცხოვრება და მემუარების წერა აწ გარდასული ეპოქის შესახებ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი