საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში დღეს დასრულდა. პოლკოვნიკი ძნელაძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების გაერთიანებული შტაბის უფროსების 168-ე შეხვედრას დაესწრო და შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
ნატოს შტაბ-ბინაში გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორ კარლოს ბრანკოს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ასევე, ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალთან ევროპაში, ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ მარტინ დემპსისთან, ISAF-ის მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ალენთან და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუდ ბარტელსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ISAF-ის საერთაშორისო მისიის მნიშვნელობა, ავღანეთში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა და ავღანეთში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ადგილობრივი ძალებისთვის გადაბარების პროცესი განიხილეს. საუბარი შეეხო პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების საკითხებსაც.
დღესვე, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში მდებარე ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრა და ISAF-ის მისიაში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა