რა ვქნა, ველურები ვართ თუ კავკასიელები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეთები ვართ. „ჰომოფობია" რა არის ცოტა გაუგებარია. და რა ტვინიც არ უნდა გვიბურღონ „ცივილიზებულობაზე" პოლიტკორექტული ტლიკინით, რაღაც არა მგონია მამაკაცის გათხოვება საზოგადოების ცივილიზებულობაზე მეტყველებდეს. თუ რასაკვირველია ცნებებზე ვთანხმდებით და ვიცით რას ნიშნავს თვით ტერმინი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ცივილიზაცია, თვისი ფესვებით, იუდა-ქრისტიანული ცივილიზაციაა, რომელიც ბიბლიას ეფუძნება.
ამას წინათ პარიზში ღვთისნიერმა ხალხმა დიდი დემონსტრაცია მოაწყო პრეზიდენტ ოლანდის მორიგი კლინიკური ინიციატივის საწინააღმდეგოდ - ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების თაობაზე. კათოლიკები და მუსლიმები ერთად მოდიოდნენ ელისეის მინდვრებზე. განსაკუთრები გულისამაჩუყებელი კი ჩვილი ბავშვების სიმრავლე იყო, როგორც მომაკვდავი ცივილიზაციის ჯერ კიდევ დაუმჭკნარი ყვავილებისა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ თითქოს „რა შუაშია" ეს ყოველივე იმ კომიკურ სკანდალთან, რაც გეი-სექსოტთა ქსელის თაობაზე ჩვენში აგორდა? შუაში კი არა თავშია! სანამ საზოგადოებაში არსებობს ინსტიქტური „თავდაცვითი რეაქცია", მანამ იარსებებს სპეცსასახურთა და ხელისუფალთა პროფესიული ვნება, ეს გარემოება დანაშაულებრივად გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. თორემ აბა გერმანიასა და საფრანგეთში გადაიღე რამდენიც გინდა: თუ დაგსჯიან, მხოლოდ და მხოლოდ პირადი ცხოვრების ანონიმურობის დარვევისთვის, მაგრამ აგენტურულ ქსელს იქ ამით ნამდვილად ვერ შექმნი.
კომენტარები პროკურატურის უძლიერესი დემარშის თაობაზე ადასტურებს, რომ კარგად ვერ გავიგეთ, რამდენად მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე. მთავარმა პოროკურორმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა: ასეულობით (!) ფირზე, რომელიც მეგიზ ქარდავას დამქაშებმა გადაიღეს „დავერბოვკებული გეების" მეშვეობით, ყველა სოციალური ფენის წევრები არიან. „არა მხოლოდ შოუ ბიზნესის წარმომადგენლები", არამედ სხვა „ცნობადი სახეები" - მათ შორის პოლიტიკოსებიც.
არადა, ეს ფირები ამჟამად ხომ უკვე ახალი ხელისუფლების განკარგულებაშია? მართალია ის ნაწილი, რაც გამოქვეყნდა, რეტუშირებული იყო, მაგრამ სამმა-ოთხმა ადამიანმა უკვე ნამდვილად ნახა დაფარვის გარეშე და ზუსტად იცის, ჩვენი „ცნობადი სახეებიდან" ვინ რომელი ორიენტაციისაა! რაკი ასეა, მაშინ, იმავე ლოგიკით, რომ წინა ხელისუფლება აშანტაჟებდა ადამიანებს და მათ პირად ცხოვრებას იყენებდა ღია მხარდაჭერის მოსაპოვებლად, უკვე სავსებით ლეგიტიმური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ ახალი ხელისუფლებაც „უნამიოკებს" ყველას, ჭკუით იყონ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება Youtube-ზე იხილონ თავიანთი ვიდეოები და ყველაფერი სადღაც გადახვეწილ მეგიზს დაბრალდეს - „ჩვენ რა შუაში ვართ, იმან იქედან ატვირთაო". რა, ერთ ტერაბაიტიან „ფლეშკაზე" არ დაეტეოდა ეს ვიდეოები?
„ყველა ეჭვმიტანილია" - ასეთი სინდრომი მკვიდრდება ქართული ელიტის მიმართ ამ სკანდალის შემდეგ. ამიერიდან ნებისმიერი საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური პოზიცია ვინმეს მომხრედ ან მოწინააღმდეგედ შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მუქარისა და შანტაჟის შედეგი. აქ იმდენად პოლიტიკოსებზე არ არის ლაპარაკი, რამდენადაც ჩვენი ე.წ. „შემოქმედებითი ინტელიგენიის" წარმომადგენლებზე. ყველაზე მრავლად ფირებზე სწორედ ისინი არიან. ჰოდა, საერთოდაც რომ არ ფიგურირებდეს VIP-პერსონა იმ ვიდეოებში, მაინც თავს შეიკავებს ამიერიდან პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისაგან: „რა იცი რა ხდება" და ემანდ „ვინმემ სხავაირად არ გაიგოსო".
ანუ, ამ სკანდალმა ერთი უაღრესად დადებითი შედეგი ნამდვილად შეიძლება გამოიღოს: იგი განკურნავს ამ ჩვენს ჭკუასუსტ „შემოქმედებით ელიტას" პოლიტიკაში „ჩაჩვრის" მავნე ჩვევისაგან. არაფერი დადებითი ამ „ელიტას" საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში არ მოუტანია. პირიქით, მისი როლი მუდამ დამანგრეველი და გამანადგურებელი იყო: დაწყებული სამოქალაქო ომით, დამავრებული „ვარდების რევოლუციით", რომელიც ცოცხებით და ცისფერ ბუდუარებში დამონტაჟებული ფარული ვიდეო-აპარატურით დასრულდა .
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი