ხვალიდან, 12 იანვრიდან, სამთავრობო კომისია იწყებს მუშაობას, რომელიც ქვეყანაში ვეტერანთა უფლებების დაცვაზე, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაზე და გარკვეული კრიტერიუმების შემუშავებაზე იზრუნებს.
როგორც დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განმარტა, 2013 წელი ვეტერანთა უფლებებზე ზრუნვის წელი იქნება და სახელმწიფო მათ მიმართ ყველა ღონისძიებას გაატარებს.
„მთავრობის სხდომაზე ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხზე ვიმსჯელეთ. დაახლოებით 13 დეკემბერს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბებულიყო სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც მოამზადებს უახლოეს პერიოდში წინადადებებს მთავრობისთვის და ასევე მთლიან საკანონმდებლო ბაზას, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული ჩვენს ქვეყანაში ვეტერანთა უფლებების დაცვა. მთავრობის სხდომაზე შევჯერდით, რომ კომისია 12 იანვრიდან დაიწყებს მუშაობას. კომისიას ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა მინისტრი დავით სერგეენკო უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში მოადგილეების დონეზე შევა ყველა დაინტერესებული უწყების წარმომადგენლები და უახლოეს პერიოდში ნათელი გახდება, თუ რამდენად ქმედითად გადადგამს სახელმწიფო ნაბიჯებს, ჩვენი ვეტერანების, ომში დაღუპულთა ოჯახების და ასევე დაჭრილთა დასახმარებლად და იმ პირობების შესაქმნელად, რაც ყველა ღირსებულ ქვეყანას უნდა ქონდეს. მთავრობის 2013 წლის პრიორიტეტი იქნება ვეტერანთა უფლებებზე და დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა", - განაცხადა ალასანიამ.