რესპოდენტის შესახებ
2011 წლის 11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნება", რომელიც გზად და ხიდად უნდა დასდებოდა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესს დღეს უკვე დახურვის პირასაა. საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისში დაცვის თანამშრომლები მოძრაობა ,,ქართული ოცნების" წევრებს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე შენობაში აღარ უშვებენ. რატომ და ვის მიერ იხურება ცოტა ხნის წინ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა და რა ბედი ელის მის წევრებს ,,ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების" წევრი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.
_ ბატონო დემურ, ვრცელდება ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების" დახურვის შესახებ რას გვეტყვით ამის შესახებ?
_ პირადად ჩემთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების" დახურვის შესახებ არცერთ ოფიციალურ პირს არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიღაცამ დაცვის სამსახურში ანონიმურად დარეკა და უბრძანა, რომ შენობაში არავინ შეუშვას. ელემენტარული თავაზიანობა მოითხოვს, რომ თუნდაც ჯგუფის ხელმძღვანელს უთხრან, რომ კი ბატონო დაიხურა საზოგადოებრივი მოძრაობა და კარგად ბრძანდებოდეთ, თუმცა ოფიციალურად არავინ არაფერს ამბობს. ადამიანებმა, რომელმაც საკუთარი ოჯახების კეთილდღეობის სანაცვლოდ გარისკეს და ბატონ ბიძინა ივანიშვილის პატივისცემისა და ერთგულების სანაცვლოდ გვერდში დაუდგენ, სამწუხაროდ, ახლა ქუჩაში ყრიან ისე, როგორც მოძალადეებს, არაფრისმაქნის ადამიანებს, არადა შესანიშნავი სპეციალისტები არიან, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში თავდადებით მუშაობდნენ და დღეს პასუხისგამცემიც არავინაა, რომ მათ უთხრას დიდი მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ წაბრძანდით სახლში. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს რომ შრომისმოყვარე, პროფესიონალ ადამიანებს ასე საზიზღრად მოქცეოდნენ. არ ვიცი ეს ყველაფერი ვისგან მოდის, მაგრამ მგონია, რომ ბატონ ბიძინასგან არ მომდინარეობს და შესაძლოა მან არც იცის არსებულის შესახებ. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ძალიან ცუდი გარემოცვის გარკვეული ნაწილის ნამოქმედარი, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებში არ ჯდება. ამ ორგანიზაციასთან კონტრაქტი მაკავშირებს და ჩემთვის გაუგებარია, როდის წყდება ჩემი კონტრაქტი დღეიდან, ხვალიდან? ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დღედაღამ შრომობდნენ საერთოდ გაოგნებულები არიან, ქუჩაში ყრიან ისე, რომ მადლობაც არ უთქვამთ და შეურაცხყოფილები არიან. დამეთანხმებით, სულ სხვაა, როცა ვინმე გეტყვის დიდი მადლობა უკვე ამოვწურეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის პროცესი და კარგად ბრძანდებოდეთ. ეს ადამიანები გაბრუნდებობნენ და წავიდოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში ახსნა-განმარტებას არავინ გვეუბნება.
_ დაცვის თანამშრომლებმა დღეს არ შეგიშვეს ორგანიზაციის ოფისში თუ დიდი ხანია, რაც აგიკრძალეს შენობაში შესვლა?
_ ბოლო ერთი თვეა, რაც საზოგადოებრივი მოძრაობის დახურვის საკითხი კულუარულად ტრიალებს, თუმცა ორგანიზაციის თანამშრობლებმა, მათ შორის მე, ვერაფრით გავარკვიეთ შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების" დახურვის შესახებ. დაცვის თანამშრომლები კარგი ადამიანები არიან, მაგრამ მათ ვიღაცამ ანონიმურად დაავალა, რომ ოფისი დახურულია და შენობაში არავინ შეუშვან.
_ თუ სცადეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა?
_ საზოგადოებრივი მოძრაობის გარკვეულმა ჯგუფმა სცადა შეხვედრა, მაგრამ ბატონ ბიძინასთან კი არა მანანა კობახიძეს ვერ ხვდებიან.
_ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნებაში" ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი იყავით და შესაბამისად ეკონომიკური პროგრამაც შეიმუშავეთ. თქვენი გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა თუ მოხვდა კოალიცა ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში?
_ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა სულ სხვა ადამიანებმა გააკეთეს, რომელიც ძირითადად პროპაგანდისტული იყო. 20 იანვრიდან დაახლოებით 20 კაცი ჩვენს მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმას წარვუდგენთ საზოგადოებას და ფართო განხილვისთვის გამოვიტანთ. ეს პროცესი დაკავშირებული არ იქნება ,,ქართულ ოცნებასთან", პირიქით დაკავშირებული იქნება იმ ადამიანებთან, რომელებმაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაზე იშრომეს და სურთ თავისი ნამუშევარი საჯარო გახადონ.
_ საუბარში აღნიშნეთ, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა საზოგადოებრივი მოძრაობის გუნდს არ შეუმუშავებია და სხვა ადამიანებმა დაგეგმეს. როგორია თქვენი ხედვა კოალცია ,,ქართული ოცნების" ეკონომიკურ პროგრამაზე რამდენად სწორადაა აქცენტები გაკეთებული?
_ საარჩევნო პროგრამაზე აქცენტები სწორადაა გაკეთებული, მაგრამ, მთავრია დაგეგმილი როგორ განხორციელდება. საიდუმლო იმაში, არ არის რომ ქართული სოფელი მძიმე მდგომარეობაშია, არამედ მთელი საიდუმლოება იმაშია თუ რა გზებით უნდა მოხდეს პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ამ პრობლემის გადაწყვეტის კონცეფციები გაწერილი გვაქვს და მას საზოგადოება სულ მალე ნახავს.
_ ბატონო დემურ, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების" დახურვას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას უკავშირებთ. როგორ ფიქრობთ, რატომ სურს ვიღაცას საზოგადოებრივი მოძრაობის დახურვა?
_ შეიძლება იქვას, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება ივანიშვილის პოლიტიკური პროექტებიდან ერთ-ერთი წარმატებული წამოწყება იყო, რადგან საზოგადოებრივ მოძრაობა ,,ქართულ ოცნებაში" ათასობით ადამიანი მოვიდა, მაგრამ მოძრაობის გაძლიერებამ და მის შიგნით სხვადასხვა კონცეფციების შემუშავების ცენტრის შექმნამ ისე დააფრთხო ადამიანების ჯგუფები, რომ მათ ხელოვნურად შეაფერხეს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების" გაძლიერება და ამ მიზნით შექმნეს ალტერნატიული სტრუქტურები, სადაც გარკვეული კონცეფციების შემუშავდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მოხდა, არანაირი კონცეფცია არ შეუმუშავებიათ. საზოგადოებრივი მოძრაობის დაშლა აწყობს იმ ადამიანებს, რომელთაც პირადი ინტერესების გარდა სხვა არაფერი არ აინტერესებთ. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები გაჭირვების დროს P უმრავლესობის ლიდერისა და პარტიის თავმჯდომარეობის მიღების სურვილით კი არ მოვიდნენ, მოვიდნენ ბიძინა ივანიშვილის პატივისცემისთვის და ახლა სახეში ურტყამენ ისეთ სილას, რომელსაც ახსნა არ გააჩნია.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი