ENG / RUS       12+

რით დაგვამახსოვრდა 2012 წელი?

2012 წლის უკანასკნელ დღეს, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებს. რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი და რომელი მოვლენებით შევა წლევანდელი წელი საქართველოს ისტორიაში? ალბათ სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2012-ის ანალიზისას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის პოსტსაბჭოთა მატიანის ყველაზე უჩვეული მოვლენა - არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა გაგვახსენდება. ფაქტი, რომელიც ჯერჯერობით, ფაქტობრივად, უპრეცედენტოა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თავისი მთელი რიგი თანმდევი პროცესებით, უდავოდ დიდხანს იქნება განხილვების საგანი და აზრთა სხვადასხვაობის ობიექტი.

საქართველოს ხელისუფლებაში ახალი, ყოფილ მმართველ ძალასთან უკიდურესად დაპირისპირებული ოპოზიციის მოსვლამ, პროცესების კალაპოტი კარდინალურად შეცვალა. თუმცა, ქართული რეალობისთვის არანაკლებ სპეციფიკური იყო ის წინაპირობები, ფაქტები, პრეცედენტები, რომელიც არჩევნებამდე, მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა. ამ პროცესმა კულმინაციას პატიმრების წამების ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ მიაღწია, როცა საზოგადოების აღშფოთებამ, ფაქტობრივად, ერთიანი, კონსოლიდირებული სახე მიიღო.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინაც კი, საქართველოში ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში დადგებოდა მომენტი, როცა ქართველებისათვის ასე მშობლიურ საპროტესტო აქციებზე, სრულიად „არაქართული" სიტუაცია შეიქმნებოდა. პატიმრების წამების ვიდეოს გავრცელების შემდეგ სპონტანურმა გამოსვლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენას, სოციალურ თუ იდეოლოგიურ კლასს ერთად მოუყარა თავი, ასაკის და სხვა მთელი რიგი მახასიათებლების განურჩევლად. მაგალითად, ფაქტობრივად, ბარიკადის ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, ე.წ. ულტრაკონსერვატორი ნაციონალისტები თუ ანარქისტი „პანკები", სტუდენტები და პენსიონერები, აქტიური პოლიტიკური პოზიციის მქონენი თუ აქამდე კონფორმისტის იმიჯით ცნობილნი, ასევე, მათ ბანაკში აღმოჩნდა საზოგადოების „არავისტი" ფრთა და ასე შემდეგ.

დღეს, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილი ირწმუნება, რომ ოპონენტები ხელისუფლებაში მოსვლას მთლიანად ნახსენებ პატიმრების წამების ვიდეოებს უნდა უმადლოდნენ. თუმცა, ეს რომ ასე არ არის, იგივე 2012 წლის მანძილზე მთელი განვითარებული პროცესები ნათლად მოწმობს. ვიდეოებმა კი, უნდა ითქვას, რომ უბრალოდ ამ ყველაფერს ერთ სისტემაში მოუყარა თავი.

2012 წელს, პოლიტიკური პროცესები საქართველოში, მთლიანად, უკიდურესად დაძაბული საარჩევნო კამპანიის ფონზე განვითარდა. გააფთრებული პიარ-კამპანია, ქვებით თავდასხმები, კომპრომატების ომი, ჟურნალისტების დევნა - ეს კომპონენტები მთელ პროცესს არ მოკლებია. წლის დასაწყისში, საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილზე დასავლური პრესა წერდა, რომ მიუხედავად რეზონანსული საარჩევნო კამპანიისა, ის უცხოეთისთვის ჯერ კიდევ უცნობ პოლიტიკოსად რჩება. მათი ნაწილი კი ვარაუდობდა, რომ საქართველოში არჩევნები არაობიექტურად ჩატარდებოდა და ეს წინდაწინვე ცნობილი იყო. თუმცა, ივანიშვილმა, მიუხედავად მის მიმართ წარმოებული კამპანიისა და „რუსეთის კაცის" გროტესკული იმიჯის შექმნის მცდელობისა, მაინც სწრაფად შეძლო სიტუაციის ხელში აღება, რაც დასავლური პრესის გამოხმაურებებზეც აისახა.

რაც შეეხება არჩევნების მიღმა სიტუაციას, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტი. ეს ვიზიტი ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენების მაპროვოცირებლადაც კი შეაფასეს. კლინტონის ვიზიტის პარალალურად, ურთიერთთავდასხმა განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ხოლო რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გააკრიტიკა და მას ბრალი საქართველოს წაქეზებაში დასდო, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. სააკაშვილმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მთავარ ოპონენტს, ივანიშვილს საქართველოს მოაქალაქეობა ჩამოართვა, კლინტონს საქართველოს პასპორტი გადასცა და მას არჩევნებში მიღების ნებაც დართო. თუმცა, როგორც მაშინ „ვაშინგტონ პოსტი" წერდა, კლინტონმა სააკაშვილის პერსონალური მომავალი საკუთარ თავზე არ აიღო.

წლის საინტერესო მოვლენა იყო, გააფთრებული საარჩევნო კამპანიის პიკის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრად, შინაგან საქმეთა იმ დროისათვის ძლევამოსილის იმიჯის მქონე მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დანიშვნა. საზოგადოება ამ დანიშვნამ, პირველ ეტაპზე, გააკვირვა, ხოლო შემდეგ ფაქტის სხვადასხვაგვარი ანალიზის პროცესი დაიწყო. ნაწილმა სააკაშვილის ეს სვლა კარგად გათვლილ სტრატეგიად შეაფასა: პრემიერის პოსტზე ძლიერი ფიგურის მოსვლა მის პოზიციებს გაამყარებდა, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, მერაბიშვილი, უბრალოდ, თავიდან მოიშორეს, რადგან მას სააკაშვილი აღარ ენდობოდა. მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისთანავე გაკეთებული განცხადებები გახდა, როცა ამ უკანასკნელმა ვანო მერაბიშვილი პოზიტიურად მოიხსენია. ამით ზოგს ეჭვი გაუჩნდა, რომ, შესაძლოა, მილიარდერი, მერაბიშვილთან მიმართებაში, „რაღაცას თამაშობდა". თუმცა, შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა სულ სხვა ქვედინებები წარმოაჩინა.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებიც, რომელიც ბევრ რამეს წყვეტდა. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა და ექპერტების წინააღმდეგობრივი პროგნოზებისა, არჩევნებში ბარაკ ობამამ გაიმარჯვა. შეიცვალა სიტუაცია რუსეთშიც. პუტინის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, მნიშვნელოვნად იკლო ოპოზიციის აქტივობამ. აღსანიშნავია, რომ წელს ნატომ პირველად უწოდა საქართველოს ასპირანტი ქვეყანა.

მოკლედ, მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, საქართველოსთვის ეს წელი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. რაც შეეხება იმას, თუ რისი გაკეთება მოასწრო საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ და რა მდგომარეობით ვხვდეით ახალ წელს... გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადამიანის უფლებების დაცვა, შეგვიძლია შემდეგი სოციალური ნაბიჯები ჩამოვთვალოთ: მოემატათ ხელფასები მასწავლებლებს და ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცებს, დაიკლო დენის ტარიფმა, ბაკალავრიატის 14 სპეციალობაზე სწავლა უფასო გახდა, გაუმჯობესდა ჯარისკაცთა და პატიმართა მენიუ, საბავშვო ბაღები გახდა უფასო, დენის და ნაგვის გადასახადი ერთმანეთს ემიჯნება, რუსეთის ბაზარი გაიხსნა... ეს კი ამ მცირე დროისათვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი მიღწევებია...

"ჯი-ეიჩ-ენი"

ავტორი: . .