სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დასრულებულია. მიუხედავად საარჩევნო პერიოდის გამო არსებული რთული ვითარებისა, მიმდინარე წელს საშემოდგომო გაწვევა განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა და ვადაზე ერთი კვირით ადრე დასრულდა. 2012 წლის საშემოდგომო გაწვევის პერიოდში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 7400 წვევამდელი, რითაც მთლიანად დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა, სამინისტროების მოთხოვნები. წვევამდელთა წინსწრებით ჩარიცხვებსა და გაწვევის პროცესის წარმატებით განხორციელებას საკოორდინაციო ჯგუფის ორგანიზებულმა მუშაობამ შეუწყო ხელი, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში.
2012 წლის საშემოდგომო გაწვევა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის შენობიდან განხორციელდა. წვევამდელებს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები აღნიშნულ შენობაში ჩაუტარდათ და დოკუმენტაციის სრულად მოსაგროვებლად, რამდენიმე ადგილას მისვლა აღარ დასჭირდათ, რამაც გაწვევის პროცესი ოპერატიული და მოსახერხებელი გახადა.
2012 წლის მანძილზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში სულ 13 000-მდე წვევამდელი იქნა გაწვეული.