19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარებული სერჟანტი გიორგი კიკაძე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას განცხადებით, სერჟანტის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ, დღესვე ის იმყოფებოდა გიორგი კიკაძის ოჯახში და პირადად მიუსამძიმრა დაღუპულის მშობლებს.
"დღეს უმძიმესი დღეა პირადად ჩემთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს სამხდერო შეიარაღებული ძალებისთვის. სერჟანტი გიორგი კიკაძე, რომელიც 19 დეკემბერს დაიკარგა ავღანეთში და მას მერე მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები, დღეს აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩვენ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. პირადად მე და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, ბატონმა ძნელაძემ მოვინახულეთ მისი ოჯახი, ჩავაყენეთ საქმის კურსში. მე მინდა პირადად მოვუხადო ბოდიში ქალბატონ ნინოს, გიორგის დედას, რომ ამ დღეების განმავლობაში ალბათ ზომაზე მეტად ავუმაღლე მოლოდინი, რომ შვილი ოჯახს დაუბრუნდებოდა. ", - განაცხადა ალასანიამ.
მინისტრის თმით, ქართველი სამხედროს გარადაცვალების მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი დეტალები უკვე გამოძიებისთვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"დღიდან გაუჩინარებისა, თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით. ის იყო ჩართული ამ ოპერაციაში და ჩვენ ვიღებდით ყოველდღიურ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. დღეს, უკვე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გიორგი კიკაძე გარდაიცვალა ავღანეთში. ეს კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, გვაფხიზლებს ყველას, თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საერთაშორისო მისიაში მონაწილეებს. რამხელა სიფრთხილე, წინდახედულობა და საბრძოლო გამოცდილება გვჭირდება იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. მე კიდევ ერთხელ მინდა მთელს საქართველოს მივუსამძიმრო კიდევ ერთი ვაჟკაცის დაღუპვა და აღვუთქვა", - განაცხადა ალასანიამ.
ალასანიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პროცესი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენება საქართველოში.