ENG / RUS       12+

მიხეილ ცაგარელი: გველის წელს პოლიტიკოსებმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ, პრობლემები მედიასაც ექნება

რესპოდენტის შესახებ

როგორი იყო ქვეყნისთვის 2012 წელი და რას უნდა ველოდეთ 2013 წლისგან, როგორი იქნება გველის წელი ქვეყნისთვის, პოლიტიკოსებისთვის, რა ტაქტიკით უნდა იმოქმედონ მათ და რა პრობლემები ელოდება მედიას 2013 წელს, ამ და სხვა საკითხებზე ,,ჯი-ეიჩ-ენს" ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა.

_ ბატონო მიხეილ, რამდენიმე დღეში ახალი 2013 წელი შემოაბიჯებს. რას გვეტყვით განვლილ 2012 წელზე, როგორი იყო ქვეყნისთვის დრაკონის წელი?

_ 2012 წელი, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტი იყო. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასრულა ცხრაწლიანი მმართველობა, პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვიდა ახალი ადამიანების ჯგუფი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის 2012 წელი გარკვეულად რევოლუციური წელი იყო. დრაკონის წელში ადამიანების პოლიტიკური ცნობიერება აშკარად შეიცვალა. ადამიანები უკვე აღარ ტყუვდებიან, ამიტომ იქცევიან უფრო სწორად. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოსთვის 2011-2012 წლები ზოგადად ურთულესი პერიოდი იყო, მათ შორის, საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და ასევე სოციალური თვალსაზრისით. სწორედ იმ მტკივნეულმა ეპიზოდებმა, რომელიც გასულ წლებში იყო ადამიანებში მოიტანეს ახალი ცნობიერება, ახალი შესაძლებლობები ახლებურად განვითარებისთვის, ახალი კონტაქტები. 2011-2012 წლებმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ახლებურ მშენებლობას და გვაჩვენა, რომ საზოგადოებამ გააკეთა ახლი არჩევანი და მხარი დაუჭირა ახალ გუნდს კოალიცია ,,ქართული ოცნების" სახით. ზოგადად, განვითარების ცხრაწლიანი ციკლი არსებობს და ცხრა წლის შემდეგ თუ რომელიმე ორგანიზაცია, ჯგუფი, მთავრობა ტაქტიკას, პოლიტიკას არ ცვლის და ძველებურად აგრძელებს ცხოვრებას ის აუცილებლად ან დაიშლება ან დაკარგავს მხარდაჭერას. თავის დროზე როგორც ,,მოქალაქეთა კავშირს" და ახლა ,,ნაციონალურ მოძრაობას" დაემართა.

_ რაც შეეხება 2013 წელსა და გველის წელს როგორი იქნება ის საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის?

_ 2013 წელი გარდამავალი პერიოდია, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მსუბუქი წელი იქნება. სირთულეები იქნება, თუმცა არა იმ სიხშირით რაც 2012 წელს გვქონდა. გველის წელში ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა ისევ გრძელდება, იქნება შიდა დაპირისპირებაც. Aამავე დროს შესაძლებელია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალი სახეები, ახალი მინისტრები. 2013 წლიდან საქართველო აიღებს გეზს ახალი ეკონომიკური კურსისკენ, ნელ-ნელა ათვისებული იქნება რუსეთის ბაზარი. მთლიანობაში წინა წლებთან შედარებით ქვეყნისთვის 2013 წელი კარგი პერიოდია, მაგრამ ინტრიგები, დაპირისპირებები, მათ შორის, სამთავრობო დონეზე ამ წლის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა გველის წელი საფუძველს ჩაუყრის წარმატებას 2014 წლისთვის. 2014 წელი ის პერიოდია, როცა ამობენ, რომ ივერიის გაბრწყინება დაიწყება. სწორედ 2014 წლიდან დაიწყება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური წარმატება და ამ წარმატებას საფუძველს სწორედ 2013 წელი დაუდებს.

_ საქართველოში 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გველოდება როგორი იქნება ეს პერიოდი, განსაკუთრებული დაძაბულობა გველოდება?

_ დაძაბულობა, რომელსაც 1989 წლიდან მიჩვეული ვართ ამდაგვარი არაფერი გველოდება, მაგრამ გარკვეული სირთულეები იქნება, მაგრამ არავითიარი რევოლუცია და ქუჩაში გამოსვლა არ გველოდება. გასარკვევია საპრეზიდენტო არჩევნები ოქტობრამდე მივა თუ არა, რადგან შესაძლებელია ეს საკითხი 2013 წლის იანვარში, ან თებერვალში გაირკვეს.

_ რაც შეეხება პოლიტიკოსებს, გველის წელს რა ტაქტიკით უნდა იმოქმედონ?

_ გველის წელს პოლიტიკოსებმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედონ, რადგან გველი არის ფრთხილი და ზედმიწევნით ამზადებს ნებისმიერ თავის შეტევას, სულსწრაფობა არ უყვარს. აქედან გამომდინარე პოლიტიკოსი, რომელიც სიბრძნეზე, ინტუიციასა და კომპრომისზე დაყრდნობით იმოქმედებს ის მიაღწევს წარმატებას. სხვათა შორის გველის წელს გარკვეული პრობლემები მედიის წარმოადგენლებასაც გექნებათ. ეს არის პერიოდი ჟურნალისტიკის აღრევის, რომელიც მაისის თვემდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გაჩნდება ახალი კომპანიები, საინფორმაციო სააგენტოები, ახლი გაზეთ-ჟურნალები, ზოგიერთი არსებული მედიასაშუალება დაიხურება, ზოგიერთ მედიასაშუალებაში სერიოზული რეორგანიზაცია იქნება. ასე, რომ ტელეკომპანიებში იქნება სერიოზული გადახალისება როგორც თემატიკის, ასევე კადრების ხელმძღვანელების მიხედვით.

_ საუბრის დასასრულს, ზოგადად როგორი პერიოდი იქნება გველის წელი ზოდიაქოთათვის და რომელი ზოდიაქოსთვის იქნება გამორჩეული 2013 წელი?

_ მთლიანობაში 2013 წელი კარგი პერიოდია ვერძისთვის, ქალწულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. წლის პირველი ნახევარი შედარებით რთული იქნება კირჩხებისა და თევზებისთვის, მათთვის წლის მეორე ნახევარი უკეთესია. მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის პირიქით - მათთვის წლის პირველი ნახევარი უფრო უკეთესი იქნება. ამასთან ლომისა და მშვილდოსნისთვის წლის პირველი ნახევარი შედარებით უფრო წარმატებული იქნება ვიდრე 2013 წლის მეორე ნახევარი.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .