27 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ახალი წელი თავისებურად მიულოცა. ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხვას პასუხი გასცაექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია „იმედს" მისცა. უფრო სწორად, პრემიერმა საუბრისას გამოავლინა მთავარი სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ბადებდა ბევრ უმნიშვნელო კითხვას, პრობლემა, რომელიც კვამლით (დაბოლებით) იფარებოდა „ნაციონალურიმოძრაობის" ბოლო დროინდელი აღტკინებული მოძრაობებით და ისტერიული აქტივობებით.
ნებისმიერი წარმატებული სტრატეგია ეფუძნება მოწინააღმდეგის გეგმის, წინასწარი ზრახვების ცოდნასა და წინასწარმეტყველებას. მიხეილ სააკაშვილს აღმოჩნდა, რომ ხელთ ჰქონია ჯოკერი, რომლის შესახებაც პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას არ ფლობდა. თურმე, პრეზიდენტს შეეძლო არა მხოლოდ პარლამენტის დათხოვნა, არამედ პარლამენტის დათხოვნისთანავე, მოქმედი მთავრობის გადაყენება და რაც მთავარია, თავისი მთავრობის დანიშვნა!!!
წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა პრეზიდენტის ამგვარ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობის ხარისხი ნულს უტოლდება, ითხოვს პარლამენტს და უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას. შემდეგ აცხადებს ამნისტიას, გამოჰყავს ბაჩანა ახალაია და სხვა რეპრესანტები, მათგან ქმნის ახალ (ძველ),ნახევრად კრიმინალურ მთავრობას, ატარებს არჩევნებს ანტიკოჰაბიტანტური რიტორიკისა და კვლავ ამოქმედებული ტერორისტული აქტივობის ფონზე. ქვეყანა დგება ქაოსის წინაშე, სააკაშვილი კი ყოველივე ამაში ადანაშაულებს „პრორუსულ ბანდერლოგებს" და ტოვებს ქვეყანას, როგორც დამარცხებული ჯვაროსანი ტოვებდა იერუსალიმს და ამაყი და გამდიდრებული ბრუნდებოდა შინ.
ცხადი ხდება, რომ ბოლოდროინდელი დესტრუქციული აქტივობები, საინფორმაციო ომი საკუთარი მოსახლეობისა და მთავრობის წინააღმდეგ, ძველი ნომენკლატურის შენარჩუნების მცდელობა, საბოტაჟის და ლოკალური სოციალური საპროტესტო კერების შექმნა, კოორდინატორებისა და რაიონული ორგანიზაციების შეგულიანება და მატერიალური წახალისება, „აპრილის თეზისების" მუსირება და აპრილთან დაკავშირებული, იატაკქვეშური მოჩურჩულე მოლოდინების შექმნა, სწორედ ამ სცენარის ნაწილს წარმოადგენდა.
პრემიერ - მინისტრის გასროლამ „იმედზე" უკანასკნელი იმედი წაართვა სააკაშვილს და უკანასკნელ იმედს უტოვებს მისი გუნდის წევრებს!
არ ცოდნა არ ცოდვაა, მაგრამ თუკი შენთვის ცნობილიხდება გეგმა, რომლის განხორციელებაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ქვეყნის კოლაფსს, მხოლოდ ერთი კაცის გადარჩენისა და საკუთარი კაპიტალის შენარჩუნების გამო...მაშინ დგება არჩევანის დრო, მაშინ გეძლევა ჯოკერისგან გათავისუფლების შანსი!
ვაკა (ვალერიან) გორგილაძე, პოლიტიკური კონსულტანტი