ENG / RUS       12+

დემურ გიორხელიძე: არ ვფიქრობ, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტზე ცუდია

რესპოდენტის შესახებ

 საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტში ძირითადი აქცენტები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების განვითარებაზეა გაკეთებული. რამდენად სწორადაა გაწერილი ქვეყნის ბიუჯეტი და რამდენად მართებულად აქვს აქცენტები გაკეთებული ხელისუფლებას ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

_ ბატონო დემურ, რას ფიქრობთ 2013 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, რამდენად სწორადაა აქცენტები გაკეთებული და თუ გაქვთ რაიმე შენიშვნა?

_ არ ვფიქრობ, რომ 2013 წლის ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტზე ცუდია. პირიქით, ხარჯვით ნაწილზე, უკეთესობისკენ სერიოზული ცვლილებები მოხდა და თანხები რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იხარჯებოდა პრეზიდენტის ფონდიდან შემცირდა და შემცირებული ხარჯები შესაძლებელია სოციალურ პროექტებს მოხმარდეს. მიუხედავად ამისა, 2013 წლის ბიუჯეტი არაა ის ბიუჯეტი, რომელიც დამოუკიდებელმა მთავრობამ საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად შეიმუშავა, რადგან ამისთვის ივანიშვილის გუნდს არც ამის საშუალება და არც დრო ჰქონდა, რადგან ისინი იძულებულნი იყვნენ 2013 წლის ბიუჯეტი მიეღოთ, შესაბამისად, ქვეყნის ბიუჯეტის სტრუქტურისა და აქცენტების, რადიკალურად შეცვლა ფაქტობრივად, ერთ თვეში ვერ მოხდებოდა. წარმოდგენილ ბიუჯეტში ვერ ვხედავ ისეთ დანახარჯს, რომელიც თვალში საცემი, ან შენიღბული იყოს და ალბათ მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტზე გაცილებით ფუნდამენტურად იფიქრებს.

_ ხელისუფლებამ 2013 წლის ბიუჯეტში აქცენტები სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და ჯანდაცვის სფეროებზე გააკეთა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორადაა მიმართული მთავრობის პრიორიტეტები?

_ ვფიქრობ, მთავარობის მხრიდან აბსოლუტურად სწორი ორიენტირებია გაკეთებული. ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა ის მთავარი მიმართულებებია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის.

_ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას სამი წლის შემდეგ იგრძნობს. როგორ ფიქრობთ, რატომ იწელება დროში საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და არას ფიქრობთ, პრემიერის განცხადებაზე?

_ ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა გარკვეულწილად გარკვეული პოლიტიკის გატარებას საჭიროებს, რომელიც 2013 წელს უნდა დაიწყოს და ალბათ გაზაფხულზე ცნობილი იქნება საქართველოს ეკონომიკის მთავარი მიმართულებები. საქართველოში ეკონომიკის მძლავრი განვითარებისთვის საკმაოდ კარგი რესურსია ამ ყველაფრის სჭირდება ხელისუფლების სწორი პოლიტიკა.

- როგორ ფიქრობთ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს თუ არა ხელს საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის გახსნა?

- საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის რუსეთი ბაზარი მნიშვნელოვანია. მთავარია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ნორმალიზებული იყოს და პირველ ეტაპზე აღდგეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. რუსული ბაზარი ღია უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის და არანაირი ბარიერი ამ მიმართულებით არ უნდა არსებობდეს. ქართული ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ჩამოკიდებული არ არის რუსულ ბაზარზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართული ეკონომიკამ ბევრი დაკარგა, როცა რუსული ბაზარი ჩვენთვის დაკეტილი იყო.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .