პირველ რიგში, საიდან შეიტყო მაშინ ამის შესახებ ადეიშვილმა და ზოგადად, ხელისუფლებამ? ეს ძნელი მისახვედრი არ არის: როდესაც ბრიუსელში მყოფი ქართველი ჟურნალისტები და უფლებადამცველები სკანდალურ ვიდეოს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს აცნობდნენ, რა თქმა უნდა ხელწერილს ვერ ჩამოართმევდნენ მათ, რომ თბილისში ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. „გაჟონვა" სწორედ ამ წყაროდან მოხდა. „ბასტისა" და „ბუბუს" მიერ პატიმართა ცემა კი მედია-სკანდალის გადაფარვას ისახავდა მიზნად, თუმცა არ გამოვიდა და ვერც გამოვიდოდა: „ნამდვილი კადრები" იმდენად შემზარავი იყო და ოპოზიციურმა არხებმა ისე დროულად გაუშვეს ეთერში, რომ საზოგადოებრივი რეაქციის ნიველირება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, ახალი ხელისუფლება ტყუილად ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ საქმეში უკვე ყველაფერი ნათელია და კითხვებიც აღარ არსებობს: პროკურატურაში ბრიფინგის დასრულებისთანავე, უწყების წარმომადგენელმა ქალბატონმა ოთახი სპრინტერული სისწრაფით დატოვა, რათა ჟურნალისტებს ვერ მოესწროთ კითხვების დასმა. კითხვები კი ისევე ბუნებრივად ჩნდება, როგორი სამართლიანიც იყო საყოველთაო აღშფოთება 2012 წლის 18 სექტემბერს.
თუ დღევანდელ ინფორმაციულ ნაკადს დავაკვირდებით და ყურადღებით გავაანალიზებთ, რა აქცენტები ისმება, უეჭველად მივხვდებით, რომ „გადაფარვის" მცდელობა ისევ გრძელდება, ოღონდ უკვე სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. არადა, სავსებით ცხადია ნებისმიერი ყურადღებიანი დამკვირვებლისთვის, - ვინც „ციხის ამბის" განვითარებას თავიდან ადევნებდა თვალს, - რომ მთელი ან ბნელი და ბინძური ისტორიის საკვანძო თემა, სინამდვილეში, არის არა ზურაბ ადეიშვილის სრულიად ფუჭი (სიბრიყვემდე ფუჭი) და დანაშაულებრივი ბრძანება - ეცემათ პატიმრები „ნამდვილი კადრების გადასაფარად", არამედ ლადო ბედუკაძის როლი!
პროკურატურის წარმომადგენელი იმიტომაც განერიდა ჟურნალისტებს რეაქტიული სისწრაფით, რათა ვერც ერთ მათგანს ვერ მოესწრო აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკური კითხვების გაჟღერება: რა სტატუსი აქვს ამჟამად ლადო ბედუკაძეს? მონაწილეობდა თუ არა იგი პირადად პატიმრების წამებაში? ისიც ხელისუფლების ბრძანებას ასრულებდა თუ საკუთარი მანიაკალური ვნების დაკმაყოფილებას ცდილობდა? ვინ არის ის გარეწარი, ვინც ხელკეტით აუპატიურებს პატიმარს და მეორე ხელში ვიდეო-კამერა უჭირავს? ვისი ხმა ისმის კადრს მიღმა, როდესაც ნიშნისმოგებით დასცინის და აბუჩად იგდებს მის მიერვე გაუპატიურებულ ადამიანებს?
თუ ყველა შემთხვევაში ლადო ბედიკაძეა, მაშინ რატომ არ მოითხოვს ახალი ხელისუფლება მის ექსტრადირებას ბელგიიდან? საერთოდ რატომ მიჩუმათდა მისი საკითხი? ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია, როცა შესაძლებლობათა იმ „ფანჯრის" გამოყენებასაც არ ცდილობს ხელისუფლება, რომ ისევ ადეიშვილისა და ციხის უფროსობის დავალებით ახსნას პატიმართა წამება. დაახლოებით ასეთი მოტივაციით: ბედუკაძეს ავალებდნენ, გადაეღო ეს კადრები, რათა შემდეგ მისი მეშვეობით სხვა პატიმრების შანტაჟირება მომხდარიყო და ისინი გაეტეხათ გაუპატიურების მუქარით. როგორც ჩანს, საკითხის ასე დასმაც კი არაკომფორტულია, რადგან ლადო ბედუკაძის ბრიუსელში დარჩენა ისევე ხელსაყრელი და ნაკლები რისკების შემცველი ჩანს მრავალი თვალსაზრისით, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის პარიზში დარჩენა იქნებოდა.
არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაიჯერებს, თითქოს ბედუკაძე „ოცნების" დავალებას ასრულებდა, როდესაც ამ კადრებს იღებდა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს „საქმიანობა" მან დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე თამაზაშვილი ან ელიზბარაშვილი აღმოჩნდებოდნენ გლდანის ციხეში.
აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი: რამდენიმე კვირის წინ, „ფოტოგრაფების საქმის" ერთ-ერთმა ფიგურანტმა გამოქვეყნა იმავე გლდანის ციხეში გადაღებული კადრები, თუ როგორ აიძულებს მას კუდ-ის წარმომადგენელი, უარი თქვას ადვოკატზე. როგორც ჩანს, მისთვისაც უცნობია, ვინ გადასცა მას ეს ჩანაწერი. თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტორი იგივე ლადო ბედუკაძეა, რომელსაც ჯერ არ დაუსრულებია თავისი „საქმე" და კიდევ უამრავი მასალა აქვს ავადსახსენებელი მერვე საპყრობილედან, რომელსაც „საჭიროების შესაბამისად" გაავრცელებს. გააჩნია რას ჩათვლის საჭიროდ. ერთი სიტყვით, ქართველ ჟულიან ასანჟთან გვაქვს საქმე. იმ განსხვავებით, რომ ავსტრალიელ ინტერნეტმოყვარულს პირადად არავინ უწამებია.
ციხის საქმის „მთავარი გმირის" ჩრდილში გადაყვანა ან ლეგიტიმური კითხვების მორიგი „გადაფარვის" მცდელობა კი უკვე ახალ ხელისუფლებას აყენებს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში და ჩვენი საზოგადოების სისუსტესაც ამჟღავნებს, რადგან განურჩევლად იმისა, რა მოსაზრებები ჰქონდა წინა ან ახალ ხელისუფლებას, ამ საქმის ძირფესვიანი გამოძიება სწორედაც საზოგადოებრივი ინტერესია, რათა ასეთი საშინელება აღარასოდეს განმეორდეს. ადვოკატთა „ლობის" მიერ ინიციირებული საყოველთაო ამნისტიის კანონი ამგვარ გარანტიად ნამდვილად ვერ გამოდგება.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი