დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელი მრჩეველ-ინსტრუქტორები დააჯილდოვა. მედლები „გენერალი კვინიტაძე", ქართული ბატალიონების ISAF-ის მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სერჟანტ-მაიორ გრეგორი რაიტს, უფროს სერჟანტ ვინსენტ ჰელერს და უფროს სერჟანტ ანტონი კუკურისს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია საწვრთნელ ბაზაზე „სამხრეთ ვაზიანი" (ალგეთი) გაიმართა.
„დღეს, ჩვენ მოვინახულეთ 33-ე ბატალიონი, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გადის წვრთნებს. ისინი უახლოეს მომავალში წავლენ ავღანეთში. ჩვენი ვაჟკაცები, ჩვენი მეომრები მორალურადაც, ფიზიკურადაც და რაც მთავარია, სამხედრო ცოდნით მზად არიან ყველა ამოცანა გადაწყვიტონ და შეასრულონ. მათ ყველა ამოცანის შესრულებისას უნდა ახსოვდეთ მთავარი - გადაირჩინონ საკუთარი თავი და ამით შეასრულონ ძირითადი ამოცანა -საერთაშორისო და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა" - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ამერიკელი მრჩეველ-ინსტრუქტორების დაჯილდოების ცერემონიალს ასევე, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა დაესწრო. ცერემონიალის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.
ამერიკელმა მრჩეველ-ინსტრუქტორებმა დადებითად შეაფასეს ქართველი სამხედროების მომზადების დონე. უფროსი სერჟანტის ვინსენტ ჰელერის თქმით, ქართველი სამხედროები ძალიან მოტივირებულნი არიან და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.