ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი ყვავების ბახალაა და ენანებათ, დამნაშავის სკამზე არ აღმოჩნდეს

რესპოდენტის შესახებ

ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებმა ამერიკელი სენატორების შეშფოთება გამოიწვია. მათი განცხადებით, დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია. სენატორებმა ივანიშვილს მოუწოდეს, პროცესი გამჭვირვალე გახადოს. კონკრეტულად, რას ემსახურება ამერიკელი სენატორების გზავნილები და როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები - "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.


- ბატონო რამაზ, ამერიკელმა სენატორებმა - ჯონ შაჰინმა, ლინდსი გრემმა, ჯეიმს რიშმა, ჯო ლიბერმანმა, ჯონ მაკკეინმა - საქართველოში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს და პრემიერ-მინისტრს მოუწოდეს, პროცესი გახადოს გამჭვირვალე. იგივე რიტორიკა გააგრძელა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დებორა მაკკარტიმ და საქართველოს ხელისუფლებას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდა. თქვენ რას ფიქრობთ ამერიკელ სენატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და რა მიზანს ემსახურება მათი გზავნილები?

- ამერიკული პოლიტიკური ელიტა ცხრა წლის განმავლობაში დემოკრატიის შუქურად და თავისი პოლიტიკის გამარჯვებად მიიჩნევდა ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ, პირადად მიხეილ სააკაშვილის არსებობას იმ სტატუსით, რა სტატუსით ისინი წლების განმავლობაში მოქმედებდნენ. შესაბამისად, ე.წ. ამერიკული ელიტა საქართველოში სამართლიან სასამართლოს არსებობას თუ აღიარებს, მაშინ გამოვა, რომ ისინი ცხრა წლის განმავლობაში აქებდნენ იმას, ვის შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდათ. ნებისმიერი ადამიანისთვის რთულია, მით უმეტეს, ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, აღიაროს, რომ ცხრა წლის განმავლობაში ცდებოდა.

- ახლა ხომ გაიგო ე.წ. ამერიკული ელიტის ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შესახებ... მაშინ, რა მიზანს ემსახურება ამერიკელი სენატორების განცხადებები, რომ ქვეყანაში მიმდინარე დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია?

- ისინი ცდილობენ, პროცესს ხელი შეუწყონ, ისე, რომ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე არ მოხვდეს, რადგან ამ შემთხვევაში ამერიკული პოლიტიკური ელიტა გამოუცდელი იმიჯის მქონე აღმოჩნდება. ნათქვამია: "ყვავს თავისი ბახალა უყვარს". თუმცა ყვავის მიერ ბახალის სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყვავი ინფორმირებული არ არის, მისი ბახალა რა ხმებს უშვებს პირიდან. ამერიკული მხარე ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ სუბიექტურია, რადგან მიშა მათი ბახალაა. სააკაშვილი ამერიკელი ყვავების ბახალაა და ენანებათ, რომ ბახალა დამნაშავის სკამზე აღმოჩნდეს.

- გამოითქვა მოსაზრება რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მიმართ უნდა შეცვალოს, ვგულისხმობ ინფორმირებულობას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

- ბიძინა ივანიშვილიმა ინფორმირებულობის თვალსაზრისით ამჟამინდელი პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ქართული მხრიდან ინფორმაციის დიდი ნაკადი თუ დამაჯერებლად იქნება მიწოდებული, ეს ფაქტორი ამერიკის სუბიექტურობას გადაძლევს. თუ დავანახებთ, რომ მათი ბახალა მომხიბვლელი არ არის, ასეთ შემთხვევაში ყვავიც უკან დაიხევს. ვგულისხმობ ამერიკელ, მით უმეტეს "რესპუბლიკელ" სენატორებს, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს. ივანიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის ილუზიების ტყვეობაში ცხოვრობდა, პოზიცია შეიცვალა და 180 გრადუსით შემობრუნდა, რამაც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა. ასევე უნდა ველოდოთ, რომ ამერიკელ სენატორებსა და უცხოელ პარტნიორებს თვალი აეხილებათ და გათავისუფლდებიან სააკაშვილის ილუზიებისგან.

- როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, რომ ამერიკელი სენატორებისა და უცხოელი პარტნიორებს თვალი მალე აეხილოთ?

- ხელისუფლებამ უნდა თავი მოუყაროს რაც შეიძლება მეტ ობიექტური ინფორმაციას. ადამიანებს ინტუიციურადაც და პირადი გამოცდილებითაც სათანადო ინფორმაცია აქვთ, თუ რა ხარისხით ხდებოდა ქვეყანაში ძალადობა. ანალოგიურად, ამ კონდიციამდე უნდა მიიყვანოს ხელისუფლებამ უცხოელი პარტნიორები. მათ იმდენი ინფორმაცია უნდა მიიღონ ქვეყანაში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით, რომ გაუჩნდეთ კითხვები, სად იყო და რას აკეთებდა სააკაშვილი დარღვევების აღსაკვეთად. პროკურატურაში რომ 2000-მდე მეტი საჩივარია შესული და ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა სწორედ აღნიშნული საჩივრებითაა განპირობებული და არა პოლიტიკური კაპრიზით - ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, უცხოელი პარტნიორებისთვის სათანადოდ მიწოდებული არ არის.

- იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა "ფრანს-პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი სამართლიანობის აღდგენას ახლავე ელოდება. თუმცა ექსპერტების ნაწილი მიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაკავებებთან დაკავშირებით ქმედებები უნდა შეცვალოს, რადგან პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საკმაოდ სუსტია. მით უმეტეს, ივანიშვილის გუნდის მხრიდან წინასაარჩევნოდ ხშირად ვისმენდით სააკაშვილის კრიმინალური გუნდის არსებობის შესახებ, თუმცა ეს რეალურად განხორციელებული არ არის. როგორია თქვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით?

- ექსპერტების იმ ჯგუფს არ მივეკუთვნები, ვინც ხელისუფლებას საჯაროდ რჩევას ხშირად აძლევს, მით უმეტეს, ამ კონტექსტში. ზოგადად, ვიცით, რომ გამოძიება რთული პროცესია მით უფრო, ისეთი გამოძიება, სადაც ბევრია დაინტერესებული ხალხი, ვისაც დანაშაულის კვალის წაშალა უნდა. მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, რომ დღემდე პრეზიდენტ კენედის საქმე დამაჯერებლად ბოლომდე გამოძიებული არ არის. ამ ფონზე, მოთხოვნის წაყენება, რომ ერთ თვეში პროკურატურამ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოადგინოს და დაკავებებთან დაკავშირებით სტრატეგია შეცვალოს - მეჩვენება, ისეთი ექსპერტების ნათქვამია, რომელთაც სურთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაჭერებს გადაარჩინოს. "ნაციონალურ მოძრაობას" ეშინოდა სამართლებრივი დევნის, რის გამოც შლიდა დანაშაულის კვალს, ქვეყნიდან გაიქცნენ ყოფილი მინისტრები და ამ ფონზე კბილაშვილის უწყებამ რა მტკიცებულებებიც მოიპოვა, იმის მიხედვით გადადგა პირველი ნაბიჯები.

- მიგაჩნიათ, რომ კბილაშვილის უწყება სწორი მიმართულებით მიდის?

- ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მიდის და მოქმედებენ იმის მიხედვით, რა მტკიცებულებებიც აქვთ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .