საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროებს შორის მომავალი წლის თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა. დღეს, ლიტვის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან დოლიძეს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დოლიძემ ლიტველ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ბალტიის თავდაცვის კოლეჯში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ლიტველ სამხედროებს 2013 წელს სამთო კურსებში მონაწილეობა შესთავაზა. ლევან დოლიძის განცხადებით, გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ტრანსფორმირების კუთხით და საერთაშორისო ოპერაციებში ლიტვის მხარის ლოგისტიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამხედრო უწყებისათვის.
დღესვე, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა ზილვინას ტომკუსმა მოაწერს.