რუსეთის ფედერაციის საბჭომ, შესაძლოა, უდედმამო რუსი ბავშვების კავკასიაში გაშვილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ინიციატივის თანახმად, ობოლ რუს ბავშვებს, რომლებიც რუსეთის ჩრდილოეთსა და შორეულ აღმოსავლეთში განთავსებულ ბავშვთა სახლებში იზრდებიან, ჩრდილო კავკასიურ ოჯახებში გადაანაწილებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გეგმის მიხედვით, ბავშვის მშვილებელმა ადგილობრივმა კავკასიურმა ოჯახებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას, რომ თავის თავზე იღებენ მათ კვებას, შემოსვას და აღზრდას. ამისათვის კი სახელმწიფო ასეთ ოჯახებს დაფინანასებას გამოუყოფს. შედეგად, ბავშვები ოჯახებში გაიზრდებიან, ხოლო ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება - ირწმუნებიან იდეის ავტორები.
ერთ-ერთი ავტორი, ტორშინი განმარტავს, რომ ეს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს ბავშვთა სახლების დაფინანსების ეკონომია მოახდინოს, რადგან მშობლების ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სამხრეთში აღზრდა გაცილებით იაფი დაუჯდებათ და ამასთან, კავკასიის კარგი კლიმატი ბავშვების საკვებ რაციონს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
რუსები იმასაც ითვალისწინებენ, რომ ობოლი ბავშვები „საუკეთესო კავკასიური ტრადიციებით" გაიზრდებია,. კავკასიური ენების დაუფლებით კი მომავალში სახელმწიფოსაც გამოადგებიან, რაც პოზიტიურად აისახება რუსეთში, ეროვნებათშორისო ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ამ ინიციატივის განხორციელება, სავარაუდოდ, 2013 წლიდან დაიწყება.