თავდაცვის სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი წარადგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატურის შერჩევა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის კონსულტაციების შედეგად მოხდა.
"შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა და დგას უფრო მაღლა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება ან თუნდაც უსამართლოდ შექმნილი იურიდიული პრობლემები. ჩვენ ვერ გავაჩერებთ შეიარაღებული ძალების განვითარებას. თავდაცვის მინისტრთან ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული აზრთა გაცვლა ამ საკითხზე. თავდაცვის სამინისტროს ზუსტად იგივე შეხედულება აქვს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გზა ნატო-ს მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ძნელაძეს უკვე მისცა პირველი დავალება - ნატო-ს სამხედრო კომისიის სხდომის მომზადება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეთანხმების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი რეფორმები უფრო სწრაფად განხორციელდება. პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 20 წელია მსახურობს. ბოლო პერიოდში ის იყო საქართველოს თავდაცვის ატაშე უკრაინაში. მანამდე სხვადასხვა პერიოდში ის მსახურობდა J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტსა და სახმელეთო ჯარების სარდლობაში.