გაერთიანებული შტაბის უფროსის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. როგორც თავდაცვის უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება შედგა.
"საქართველოს პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეთანხმება უკვე შედგა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობას. ეს ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს შესაბამის წარდგინებას გაუგზავნის", - აღნიშნა ავალიანმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობას ვახტანგ კაპანაძე ასრულებს.