ჩეჩნეთში რამზან კადიროვის სახელობის მეჩეთი აშენდება. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. რეგიონის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც ათი ათასი ადამიანი ესწრებოდა, ქალაქ შალში გაიმართა. ხოჯა ახმედ კადიროვი ირწმუნება, რომ ასეთი გადაწყვეტილება ხალიმთა საბჭომ რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის გამო მიიღო.
ხოჯას განმარტებით, "რეგიონში ყველა პირობაა შექმნილი ისლამის შესწავლისა და გავრცელებისათვის. პერმანენტულად შენდება მეჩეთები, მედრესები, ჰაფიზთა სკოლები. სახელმწიფო დაწესებულებებში მოქმედებს სალოცავი ოთახები. ეს ყველაფერი კი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დამსახურებაა. ჩეჩენი ხალხი აფასებს ამას და მეჩეთის აშენებაც კადიროვისადმი მადლიერების ნიშნად გადაწყვიტეს", - აღნიშნავს ხოჯა კადიროვი.
მეჩეთის პროექტი უზბეკი არქიტექტორების მიერაა შემუშავებული. ობიექტის მშენებლობის დასრულება სამ წელიწადში იგეგმება.
2008 წელს, გროზნოში ყოფილი პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმატ-ხაჯი კადიროვის სახელობის მეჩეთი ააგეს, რომელსაც "ჩეჩნეთის გული" ეწოდება. ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მეჩეთად ითვლება, რომელიც 10 000 მლოცველს იტევს და მისი ინტერიერიც საკმაოდ მდიდრულია. "ჩეჩნეთის გული" თურქეთიდან მოწვეული არქიტექტორის მიერაა დაპროექტებული.