ENG / RUS       12+

კვირის ფრაზები

ხომ არ შეცდა ირაკლი ოქრუაშვილი? არა, საქართველოში ჩამოსვლამდე თითქოს ყველაფერი გათვალა: გაითვალისწინა ყბადაღებული „ამნისტიის აქტი", პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა 220 კაციანი სია, აგრეთვე ის, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მისი თანაპარტიელი სოზარ სუბარი ხელმძღავნელობს, ხოლო ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს, - მისივე ყოფილი ადვოკატი ეკა ბესელია, რომელიც მან ფაქტის წინაშე დააყენა და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ აქ მაინც არ არის ყველაფერი ისე „დალაგებული" როგორც ალბათ თვით ირაკლის უნდოდა ყოფილიყო და მისი ფსონიც საკმაოდ სარისკო გამოდგა. ამაზე კობა დავითაშვილის სენსაციური განცხადება მეტყველებს. ეს ფრაზა გასული კვირის ვერბალური Highlight-ების ლიდერად შეიძლება ჩაითვალოს. „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და მიუკერძოებლად მიჩნეულმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილი ციხეში უნდა დარჩეს: „თუ ბაჩო ახალაია ციხეში ზის, მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი რატომ უნდა იყოს გარეთ? ეს იგივეა, ბერია რომ ჩაესვათ და ეჟოვი გარეთ დაეტოვებინათ" - ამბობს დავითაშვილი რადიო „თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველს შევახსენებ: პირსისხლიანი ჯალათი ეჟოვი ლავრენტი ბერიას წინამორბედი იყო საბჭოთა იმპერიის რეპრესიული აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე. ისე, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამ ბოლო დროს „მეგრულმა თემამ" და მასთან დაკავშირებულმა ასოციციებმა თუ კონოტაციებმა მეტისმეტად ხშირად გაიელვა მედია-სივრცეში. თანაც პროკურატურის გამოძიებებთან დაკავშირებით, რაც აშკარად კრიზისული ვითარების მაჩვენებელია. 21 წლის წინ კრიზისისა თუ დაძაბულობის „განმუხტვა" (დიდი ბათქა-ბუთქით რუსთაველზე) სწორედ ამ თემის არტიკულირებით დაიწყო და ალბათ ქართველ პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე მართებთ.

ოქრუაშვილს რაც შეეხება, ბუტა რობაქიძის მამის განცხადება მისთვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი სიმპტომი გახდებოდა: ძნელი წარმოსადგენია 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლული ახალგარდისთვის იარაღის ჩაწყობა და მისთვის ბანდიტობის დაბრალება მხოლოდ თბილისის პოლიციის უფროსის ინიციატივით მომხდარიყო. შეგახსენებთ, რომ ეს საშინელი დანაშაული „ვარდების რევოლუციის" წლისთავზე მოხდა, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძენდა პოლიტიკური სიმბოლოს მნიშვნელობას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე, არანაკლებ საგულისხმო ფრაზა ნათია ლაზაშვილს ეკუთვნის: იძულებული ვარ ისევ წავიდე, როგორც რუსთავი-ორიდან წავედი, იმ განსხვავებით რომ იქ რამდენიმე წელი ვიმუშავე, აქ კი მხოლოდ რვა თვეო.

რეალურად ის, რაც მეცხრე არხზე მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც ნამდვილად ქმნის საკმაოდ შორსმიმავალი დასკვნების საშუალებას: ლუბა ელიაშვილი ნათია ლაზაშვილსა და თამარ რუხაძეს თავის არხზე ვერ შეეგუებოდა, რადგან მას მიაჩნდა და მიაჩნია, რომ სწორედ მათ (ნანა ლეჟავასთან, ნათია ზამბახიძესთან და ეკა ხოფერიასთან ერთად) „შექმნეს მიშა", როგორც ფენომენი და ლომის წილიც შეიტანეს „ვარდების რევოლუციაში", რომელსაც ტელეკომპანია „იბერიას", „იმედის" და „მზის" ჟურნალისტები სულაც არ შეხვედრიან მშვლის ნუკრის აღტაცებით.

ზემოთხსენებული „მშვენიერი გვარდია" ერთგულად ემსახურებოდა რევოლუციის ინტერესებს 2004-2005 წლებში, ანუ სწორედ მაშინ, როდესაც ბუტა რობაქიძე და სანდრო გირგვლიანი მოკლეს. ეს ამბები „რატომღაც" გამოეპარათ მაშინ, როდესაც მანამდე საერთოდ არაფერი გამოეპარებოდათ. თანაც, რაც ყველაზე უცნაურია, აშკარად ჰგონიათ, რომ ეს ყოველივე აღარავის ახსოვს.

 

ქალბატონ „გვარდიელებს" შორის ყველაზე ჭკვიანურად მაინც ნათია ზამბახიძე მოიქცა: ტერმინის „ვარდების რევოლუცია" ავტორი „ვაშინგტონურ კატორღას" შეურიგდა და ჟურნალისტიკიდან წავიდა. სხვებს კი ჯიუტად არ სურთ პასუხისმგებლობის გაზიარება.

თუმცა, ყველაზე ნიშანდობლივი აქ ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ლუბა ელიაშვილის დანიშვნით, „კონტრრევოლუციურ ლოგიკას" დაეთანხმა და პირველი ნაბიჯი გადადგა მკაფიო პროექტის ჩამოყალიბების გზაზე. როცა ამბობენ „ბიძინას არანაირი პროექტი არ გააჩნიაო". როგორც ჩანს მან ინსტიქტურად იგრძნო, რომ „ვარდების კონტრრევოლუცია" უკვე თავისთავად პროექტია. თანაც, საკმაოდ სერიოზული.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მესამე ფრაზა კი ალბათ დიპლომატიურ ქრესტომათიაშია შესატანი: ვაშინგტონის ვიზიტის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს დაახლოებთ ასეთი ტექსტით მიმართა: ქალბატონო მდივანო, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები თქვენს გვერდით, რაკი მივიღე თქვენი მოწვევა, არასდროს დამავიწყდება თქვენი სატელეფონო ზარი . . . . პირდაპირ გული დაგეთუთქება ადამიანს და ყელში ცრემლიანი გორგალი მოგაწვება.

კი მაგრამ, რა თქვა ქალბატონმა კლინტონმა იმ სატელეფონო საუბრისას ასეთი ან ვაშინგტონში შეხვედრის დროს რა გადაწყვეტილება „იქნა" მიღებული? საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკამ ვიზები გააუქმა, როგორც ჩეხებისთვის? ისრაელის ან კოლუმბიის მსგავსად ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ თუ პენტაგონმა გადმოგვცა რაიმე უფრო სერიოზული თავდაცვითი იარაღი - გარდა საბჭოთა წარმოების ერთი დანჯღრეული კატარღისა, რომელიც შარშან შეაკეთეს ამერიკელებმა და ნიკა გილაურს ჩამოუტანა საჩუქრად იმავე კლინტონმა?
ახლა სად წაიღო გილაურმა ის „გრიფი" (ასე ეწოდებოდათ ბრეჟნევის დროს იმ კატარღებს) უკვე ძნელი დასადგენია. მისი „საპარტნიორო ფონდი" ხომ დაშლის პირასაა!

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .