ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი, კანონპროექტის მომზადების ინიციატივით გამოდის, რომლის მეშვეობითაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა და მოხმარება აიკრძალება.
კრემლის ადგილობრივმა ემისარმა, ექიმების წინაშე გამოსვლისას, ენერგეტიკულ სასმელებს "საწამლავი" უწოდა, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება განპირობებულია იმითაც, რომ ენერგეტიკული სასმელები ისლამის კანონებს ეწინააღმდეგება. ამასთან, კადიროვი ირწმუნება, რომ ენერგეტიკული სასმელები ფიტავენ ორგანიზმს და ადამიანში დეპრესიას და უკონტროლო აგრესიას აჩენენ.
თუმცა, როგორც ირკვევა, ენერგეტიკულ სასმელებს არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ, მოსკოვშიც ემტერებიან. გასულ კვირას ამ თემაზე რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშენკომაც ისაუბრა. კერძოდ, ონიშენკომ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის სასმელები ახალგაზრდებას ალკოჰოლისა და ნარკომანიისაკენ უბიძგებს.
ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლები კატეგორიულად უარყოფენ გამოთქმულ ბრალდებებს და პროდუქციის აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, სასმელებს არანაირი ზიანი არ მოაქვთ ჯანმრთელობისთვის იმ შემთხვევაში, თუ დღეში მხოლოდ 1-2 ქილას მივირთმევთ და ყურადღებას მივაქცევთ ინსტრუქციას, სადაც უკუჩვენებებზეა საუბარი. თუმცა, კადიროვი, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთა მოსაზრებების გათვალისწინებას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები