ორმაგი ტერაქტი მოხდა დღეს, სოფელ შამილ-კალაში, რომელიც დაღესტნის ტერიტორიაზე მდებარეობს. თავდაპირველად, შენობაში, სადაც ადრე ბანკი იყო განთავსებული, მცირე მოქმედების ბომბი ამოქმედდა, ხოლო მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა შენობის ჩხრეკა დაიწყეს, მეორე აფეთქებაც მოჰყვა, რომელიც თვითნაკეთი ბომბით განხორციელდა.
უკანასკნელი მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათამდე დაჭრილია. პოლიციის განცხადებით, პირველ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ბანკი დიდი ხანია დაკეტილია და იქ არავინ იმყოფებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც შენობაში ოპერატიულმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, მეორე აფეთქება განხორციელდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. დაღესტანში აფეთქებები და თავდასხმები ბოლო ხანს კვლავ მოხშირდა. რესპუბლიკაში კრიმინოგენული სიტუაციაც მძიმეა. სამართალდამცავები, მდგომარეობის გამოსწორებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ.