ENG / RUS       12+

ენის პოლიციის აუცილებლობა

"ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული. ქართული ენის ამღვრევისა და დამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას - მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს", - ასე წერდა მიხეილ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1924 წელს. თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ და შეიცვალა რამე?! - მხოლოდ ერთი, რუსული ენა ინგლისურმა ჩაანაცვლა!

ენა ერის ფსიქოლოგიის, მისი სულიერი და ინტელექტუალური საწყისის, მისი მენტალობის გამომხატველია. აშკარაა, რომ ენის წიაღში ბევრი რამ საიდუმლო იმალება, ენა აძლევს პიროვნებას სტატუსს, განასხვავებს ამ სამყაროში ყველა სხვა არსებისგან, ენა ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, მარადიულობასთან წილნაყარს ხდის. ენის წიაღში დაცულია ღვთაებრივი ენერგია, რომელიც სხვადასხვა დროს ამოხეთქავს, როგორც განსაკუთრებული ფენომენი პოეტურ სიტყვაში გამოვლენილი თუ მეცნიერულ აზრში გაცხადებული. ენა თავად ქმნის რეალობას და ამ სინამდვილის მოწმედ გხდის. ენის განცდა საკუთარი თავის შემეცნებას უკავშირდება, ამ გზით კი პირველხატს, უზენაესს მივეახლებით. მეტყველება - ესაა შინაგანის გამოვლენა გარეთ თავისი ავ-კარგით. ამიტომ ადამიანის საუბრის მანერა ხშირად წარმოაჩენს მის ფსიქო-ემოციურ სამყაროს, ხასიათს, ბუნებას, სულიერობას. სიტყვას აქვს დიდი ძალა, იგი აღიქმება, როგორც სიმბოლო, როგორც ხატი. სიტყვა ქმედითი ფენომენია, საქმეს უდრის. ერთმა სიტყვამ შეიძლება გაცხონოს ან წარგწყმიდოს. ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა სიკვდილის ჟამს აღიარა ქრისტე და კაცთაგან პირველი შევიდა სასუფეველში. თავად მაცხოვარი ასე გვაფრთხილებს: „სიტყუათა შენთაგან განმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო".ენა ღვთაებრივი საუნჯეა - როგორც ბრძანა წმ. ილია მართალმა (ჭავჭავაძემ) - და მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს!
ჩვენს რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე დროში ყოველგვარი სულიერი ფასეულობის დევალვაცია მოხდა, აღარაფერი შემოგვრჩა მშვენიერი და ამაღლებული, `ენაი შემკული და კურთხეული~ (როგორც იტყოდა იოანე-ზოსიმე) ქუჩური, ჟარგონული გახდა. ყველგან დამახინჯებულ, შერყვნილ და წაბილწულ ქართულს ვუსმენთ. ქვეყანაში ტოტალური უგულებელყოფითი დამოკიდებულებაა ენისადმი, სიტყვისადმი, აღარსად ისმის `საამური ქართული სიტყვა~ (ილია), ვერც თანამედროვე ქართულმა მწერლობამ და ვერც თეატრმა ფეხზე ვერ წამოაყენეს ქართული ენა, მთელი თავისი მშვენებითა და სიმდიდრით.
ერისა და პიროვნების კულტურა განიზომება მეტყველების კულტურის ხარისხითაც და, როცა ზეპირმეტყველების კულტურა დაეცემა, ეს აზროვნების დაბალი დონის მანიშნებელიცაა, რადგან აზროვნება და მეტყველება ერთმანეთისგან განუყოფელია. ვინ ვართ ჩვენ დღეს? - საკუთარი დედის მაგინებელი, ბილწსიტყვაობის უმძიმეს ცოდვაში ჩარჩენილი ერი! მეტი სასჯელი და უბედურება რაღა უნდა იყოს! ამიტომ წერდა თავის დროზე სულით შეძრული პოეტი, ანა კალანდაძე: `ბილწსიტყვაობას ქვეყნისთვის ნარკომანიაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია~.

უცნაურ დროში ვცხოვრობთ. პარადოქსია, რადგან, ერთი მხრივ, მშობლიურ ენას სკოლებში კარგი სახელმძღვანელოებით ასწავლიან, ყურადღება ექცევა პრაქტიკულ გრამატიკას, მართლწერის საკითხებს, მერე მისაღებ გამოცდებზედაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია ამ მხრივ, უმაღლეს სასწავლებლებშიც ისწავლება აკადემიური წერა თუ სტილისტიკა, მაგრამ საშველი მაინც არ დაგვადგა. რატომ? - უწიგნური თაობა მოდის, რომლის ცოდნა მხოლოდ ინფორმაციულია, შესაბამისად - ზედაპირული, არც სიღრმე და არც ფიქრის ანარეკლი ჩანს. ახალგაზრდები თუ სწავლობენ, მხოლოდ გამოცდამდე მოაქვთ ცოდნა და ცხოვრებაში გამართული ქართულით საუბრის სურვილი არა აქვთ, ვერც უფროსი თაობისგან იღებენ პიროვნულ მაგალითს და ასე ჯადოსნურ წრეში ვტრიალებთ. არა მგონია, უცხო ენის მოძალება ამ შემთხვევაში იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი. რასაკვირველია, ამდენი უცხო სიტყვა, რომლებიც ასე მოეძალა ენას, სერიოზულ პრობლემას ქმნის, თუმცა არაქართული ინტონაციებით საუბარი, გადაპრანჭული და ბუნდოვანი ქართული ერთდროულად იმის მანიშნებელიცაა, რომ ფეხის ხმას აყოლილი და თანაც შინაგანი არასრულფასოვნების კომპლექსის მსხვერპლნიც ვართ. წერა და აზროვნება ერთი მთლიანი პროცესია, ლოგიკა კი დიდი ხანია აღარ გვაქვს არაფერში.

ხშირად იცვლება სიტყვის სტანდარტი, ჟურნალისტების ზეპირმეტყველება სწრაფი, აგრესიული, არაბუნებრივი, გაუმართავი და ღარიბია. რაც დრო გადის, ვშორდებოთ ბუნებრივ ქართულს, დარბაისლურ მეტყველებას. მასმედიაში გაქრა ჟანრები, ყველაფერს ერთნაირი ქართულით გვიყვებიან, ინფორმაციის ენა აღარაფრით განსხვავდება რეპორტაჟის ან მოწინავე სტატიის ენისაგან. რადგან ასეთი გაუბრალოებული და ერთგვაროვანია ყველაფერი, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ენა, ზოგადად, ვეღარ ვითარდება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა საგანგაშოა!

ყველაზე უარყოფითი გავლენა თაობაზე მაინც ტელევიზიამ მოახდინა, მან ინდივიდუალურობა წაართვა და დაუკარგა ჩვენს მომავალს. ხშირად მინატრია, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც არ არის ტელეისტერია და რადიოს უფრო მეტი მსმენელი ჰყავს. ჯერ ერთი, ამდენი გაყალბებული, არაფრისმთქმელი, უნიჭო და უკულტურო სახის ყურება; მათი ცხოვრების წესის "გაპიარება" და ვითომ კომპეტენტური აზრების ფრქვევა უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, ამდენი გასართობი შოუპროგრამა და მათი ტაკიმასხარა წამყვანები, რომლებასაც არც ესთეტიკა აქვთ და არც სამყაროში ორიენტაცია შეუძლიათ, მათი ვითომ `სვეტური~ დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მხოლოდ პოპულარობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანების უსუსურ ბორგვას მაგონებს. მერე სკანდალებზე აგებული გადაცემები, სენსაციებზე, ერთობ პიკანტურსა და ინტიმურ თემებზე დასმული აქცენტები, რომელი ერთი ჩამოვთვალო... თანაც როგორ ენაზე მოსაუბრე არხები: ფანტასტიური; ვსვავ; ვდგავ; რამოდენიმე; ლირიული; ეროტიული; დინამიური; მე რას ვიძახი, რო; ძაან მაგარი; მადლობა მინდა მოგიხადოთ; ბევრი პრობლემები; ცნობადი სახეები; კითხვადი წიგნები; ყურებადი გადაცემები... სამწუხაროდ, ქალაქურობადაა მიჩნეული უცხო სიტყვების სპეციფიკური პრონონსით წარმოთქმა, წამღერებითი ინტონაციის მოძალება, არაბუნებრივი მახვილები. თბილისელობა სკაბრეზულობასაც კარგად ირგებს და მივიღეთ დღევანდელი მეტყველება _ უვიცობისა და უწიგნურობა-უკულტურობის გამომხატველი ვერბალური ნონსენსი!

მცირე ერების წინაშე ყოველთვის დგას ენის სიწმინდის საკითხი. ამიტომ ჯერ კიდევ 1921 წელს შეიქმნა ტერმინოლოგიათა შემმუშავებელი სამეცნიერო საბჭო (ხელმძღვანელი ივ. ჯავახიშვილი), 1934 წელს ჩამოყალიბდა სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია, 1946 წელს _ ნორმათა დამდგენი კომისია (ხელმძღვანელობდნენ ჯერ ს. ჯანაშია, შემდეგ - ა. შანიძე), 1953 წელს საფუძველი ჩაეყარა სალიტერატურო ნორმათა დამდგენ მუდმივ კომისიას, 1998 წელს ჩამოყალიბდა ენის სახელმწიფო პალატა.

რით დავიწყოთ?

უპირველესად, უნდა აღდგეს საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლის ოქტომბერში ვარდების რევოლუციის დამანგრეველ რეფორმებს შეეწირა.
ენის სახელმწიფო პალატა იყო მაკონტროლებელი ორგანო. მისი უფლებამოსილება ვრცელდებოდა ყველა იურიდიულ პირზე _ სახელმწიფოსა და არასახელმწიფოზე და ის აკონტროლებდა ყველა უწყებაში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას. რატომ უნდა გასჩენოდა ადამიანს ასეთი სტრუქტურის დანგრევის სურვილი, თუ არ იყო მიზანმიმართული პოლიტიკა ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების წინააღმდეგ?! სახელმწიფომ უარი თქვა `ენის პოლიციაზე~, სამაგიეროდ, პოლიციური რეჟიმის მშენებლობას შეუდგა.

მთელი სამყარო ხომ ენაში და ენით არსებობს! ერი უკვდავია მხოლოდ მაშინ, თუ ის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. ახლა ჩვენ თვალწინ ირღვევა ქართული ენის სტრუქტურა, სინტაქსი.

მტერობა ენის არს მტერობა ქვეყნის - ილია
რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს _ გრიგოლ ორბელიანი

ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ქართული ენა ქართველთა ერთობისა და ქართული სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია, ამიტომ მისი სწავლება სავალდებულო უნდა იყოს ყველა ეტაპზე და მის სიწმინდეს, მთელ ერთან ერთად, უნდა იცავდეს სპეციალური ორგანო!

მარტინ ჰაიდეგერმა ადამიანი ასე განსაზღვრა _ მე ვარ ის, რასაც ვლაპარაკობ!
დღეს, სხვა გლობალური პროცესების პარალელურად, შეიცვალა ენობრივი გარემოც. ღია საინფორმაციო სივრცე და ინტენსიური ურთიერთობები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ენის ფორმირებაზე, სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს `ენის პოლიცია~, რომელიც დაიცავს მას გარეშე აგრესიისგან, რომელიც გააკონტროლებს ენობრივ პოლიტიკას ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ახალ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და, სხვა ბევრ დანგრეულთან ერთად, ენის სახელმწიფო პალატასაც აღადგენს!

საბა მეტრეველი

ავტორი: . .