ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მხარეებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ქართულ დელეგაციასთან დიალოგი კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა. ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის კვლავ ერთგულ და ახლო პარტნიორად რჩება. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ავღანეთის ოპერაციაში.
"თქვენ უკანასკნელ პერიოდში გააორმაგეთ თქვენი წვლილი ავღანეთში და უკვე შეუერთდით ნატო-ს მიერ დაგეგმილ მომდევნო, საკონსულტაციო მისიას ავღანეთში, რაც 2014 წლის შემდეგ ავღანური ჯარების გაწვრთნაზეა ორიენტირებული. თქვენ გაქვთ მისწრაფება, შეუერთდეთ ჩვენს ალიანსს. მივესალმებით თქვენს განცხადებას, რომ ახალი მთავრობა ასევე მოწადინებულია, რათა ეს მოხდეს და გარწმუნებთ, რომ ნატოსაც სურს, ახლო ურთიერთობები ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენი კავშირები მტკიცეა, ჩვენი დიალოგები კი უმაღლესი რანგისაა"- განმარტა რასმუსენმა.
ნატო ქართულ ჯარში არსებული ვითარების შესასწავლად სამუშაო ჯგუფის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს და საქართველოს ახალ მთავრობას ნდობას უცხადებს. ამის შესახებ შეხვედრის შეჯამებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება. მისივე თქმით, შეხვედრაზე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადების გამო წუხილი გამოთქვა, თუმცა გენერალური მდივნისგან დაპირება მიიღო, რომ ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნატო, სამხედროსთან ერთად, პოლიტიკური სტრუქტურაცაა და პირობა დადო, რომ ახალი მთავრობა ინსტიტუტების დემოკრატიულობის განმტკიცებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას პრემიერთან ერთად თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრნენ.