რუსეთის ფედერაციაში შემავალი ორი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის ლიდერი ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებებით გამოვიდა. ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა ინგუშეთის ხელმძღვანელი, იუნუს-ბეკ ევკუროვი "ბოევიკებთან" კავშირში დაადანაშაულა და გონზე მოსვლა ურჩია. კადიროვის სკანდალური გამოსვლა ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერით გადაიცა.
მიზეზი მებრძოლების გვამების ისლამურ სასაფლაოზე დამარხვის აკრძალვა გახდა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ერთ-ერთმა ისლამურმა ორგანიზაციამ, რომელსაც კადიროვი მფარველობს, მებრძოლთა რაზმების წარმომადგენლების მუსლიმურ სასაფლაოებზე დაკრძალვაზე უარი განაცხადა.
განსხვავებით კადიროვისგან, ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ დაეთანხმა ევკუროვი, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი საქციელი ადამიანობას ეწინააღმდეგება. "თუ ვინმე ფიქრობს, რომ გარდაცვლილები არ უნდა დავასაფლავოთ და ისინი სადღაც კასრებში დავამარილოთ, ამით ჩვენ ტერორიზმს კი არ აღმოვფხვრით, პირიქით, ხელს შევუწყობთ მას" - ეს განცხადება ევკუროვმა საკუთარ ბლოგზე გაავრცელა.
ევკუროვის გამოსვლა, ჩეჩნეთის მუსულმანთა საბჭოს ინიციატივამ განაპირობა. საბჭომ მებრძოლების ისლამური ტრადიციებით დასაფლავების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. კადიროვის საპასუხოდ კი ევკუროვმა განაცხადა, რომ პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებებს, მაგრამ გარდაცვლილებეი უნდა დავასაფლავოთ თუ არა, ამ თემაზე კამათს არასერიოზულობად მიაჩნია. "იმედი მაქვს, ჩეჩნეთში ამ თემაზე აზრს შეიცვლიან - აღნიშნა ევკუროვმა.