სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარმა ინციდენტმა ორ ქვეყანას შორის ვითარება კვლავ დაძაბა. როგორც ირკვევა, აზერბაიჯანული სოფლის მცხოვრებმა, ვინმე ალიევმა, მეზობელი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა და სომხეთის ტერიტორიაზე უკანონოდ აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
აზერბაიჯანის შსს-მ სასაზღვრო სოფლის მცხოვრების უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ორი დღის წინ გაავრცელა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საზღვრის დამრღვევი მწყემსი ალიევი, რომელიც ყრუ-მუნჯია, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა, რისი მიზეზიც ძლიერი ნისლი გახდა.
მომხდარის შესახებ აზერბაიჯანულმა მხარემ უკვე აცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ბაქოში ახლა ალიევის გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი და სომხეთი კონფლიქტის მდგომარეობაში ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან იმყოფებიან. ბაქო ერევანს მთიანი ყარაბაღის ოკუპაციაში ადანაშაულებს. დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის დღემდე გრძელდება.