საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი მექა ხანგოშვილი მიმართავს საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაიცვან ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის ინტერესები.
„ძალიან შეძრწუნებულები ვართ ინფორმაციით ახმედ ჩატაევის რუსეთში შესაძლო ექსტრადიციის შესახებ. კანონის ფარგლებში ეს არის შეუძლებელი, რადგან ახმედ ჩატაევს ავსტრიაში მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს ძალიან დიდი შიშის საფუძველი, რადგანაც ეს ის სასამართლოა, რომელმაც 2004 წელს ჯერ სასამართლო დარბაზიდან გაუშვა ჩეჩენი მებრძოლები, რუსლან ალი ხაჯიევი და კიდევ ორი, მეორე დღეს კი ისინი გაუჩინარდნენ და ორკვირიანი ძებნის შემდეგ კრასნოდარისა და სტავროპოლის ციხეებში აღმოვაჩინეთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა.
„ეს გვაძლევს ჩვენ ძალიან დიდი შიშის საფუძველს, რომ ყველანაირი უკანონო მოქმედება შეიძლება მოხდეს. მე მივმართავ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომ დადგნენ უკანონო პატიმრის ახმედ ჩატაევის უფლების სადარაჯოზე. ჩვენ არანაირი იმედი არა გვაქვს იმ სასამართლოსი, რომელმაც 1 ნოემბერს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანი, რომელსაც ამპუტირებული აქვს მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის ჭრილობა შეხორცებული და განგრენის ნიშნები აქვს, საჭიროებს დამატებით ოპერაციას, ასეთი უკანონო პატიმარი დატოვა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პატიმრობაში და გირაოთი არ გაუშვა", - აცხადებს მექა ხანგოშვილი.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციას გეგმავს. რუსეთის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაცია ახმედ ჩატაევს უკვე რამდენიმე წელია ეძებს და რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჩატაევის ექსტრადიციას ავსტრიის მიერ მასზე გაცემული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსი აფერხებს.
ახმედ ჩატაევი სასჯელაღსრულების გლდანის მე-18 დაწესებულებაში უკვე ერთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩატაევს სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატაევს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს.