ჩეჩნეთის, კრემლისადმი ლოიალურად განწყობილმა რელიგიური ლიდერების ნაწილმა, ოფიციალურ სასაფლაოებზე ჩეჩენი მებრძოლების მუსულმანური ტრადიციებით დასაფლავება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინიციატივა ჩეჩნეთის მუსულმანთა სულიერი მმართველობის ორგანიზაციიდან წამოვიდა, რომელიც კადიროვის ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი, სულთან მირზაევი მიიჩნევს, რომ ამ საშუალებით კრიმინალთან ბრძოლა გაცილებით ეფექტური გახდება. მირზაევი ირწმუნება, რომ მუსულმანები, ვინც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ათასგვარ დანაშაულს სჩადიან და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის, ქალების და ბავშვების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, არ იმსახურებენ ისლამური წესების აღსრულებით უკანასკნელ გზაზე გაცილებას.
გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მებრძოლების ნათესავებს, რომელთაც გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე უარი უთხრეს, თავად მოუწევთ საკუთარი ახლობლების დასაკრძალი ადგილების მოძიება.
ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, კადიროვის პრეს-სამსახურში განმარტეს, რომ თუ მუსულმანთა სულიერი მმართველობის საბჭომ გადაწყვიტა, მაშინ „ეს ასეც უნდა იყოს".
მსგავსი პრეცედენტი, ჩრდილოეთ კავკასიაში, პირველად მოხდა. სხვა მეზობელ რესპუბლიკებში, მაგალითად, ინგუშეთსა და დაღესტანში, მებრძოლთა დასაფლავების აკრძალვის შემთხვევები არასდროს დაფიქსირებულა. თუმცა, იქ კიდევ სხვა პრობლემებია: სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრების ახლობლები ხშირად დიდი ხნის განმავლობაში ელიან ნათესავის ცხედრის გადმოცემას. ეს კი მას შემდეგ ხდება, რაც სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას, „ტერორიზმთან ბრძოლის" შესახებ კანონის საფუძველზე.