საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრად პარლამენტმა 25 ოქტომბერს დაამტკიცა. ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს ახალ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება - სამხედრო უწყებაში ჯარისკაცი გახდება პრიორიტეტული, მისი უფლებები, სოციალური პირობები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება სამხედრო უწყების სრული დეპოლიტიზაცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგი დღესვე დატოვებს ყველა პოლიტიკურ და პარტიულ თანამდებობას.
ქართული არმია გახდება სწრაფი, მობილური და მოქნილი სტრუქტურა, რომელსაც მარტივად შეეძლება მტრის მოგერიება, შეკავება და მისთვის დიდი ზიანის მიყენება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ასევე იქნება მთავარი პრიორიტეტი, თავდაცვის სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება უახლოეს მომავალში განხორციელდება. გაგრძელდება ნატო-სთან თავსებადობის და ინტეგრაციის პროცესი. თავდაცვის სამინისტრო ზედმიწევნით შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას თუ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აქვს აღებული. ქართული კონტინგენტი დარჩება ავღანეთში და გააგრძელებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას.
მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროს ფინანსური გამჭვირვალობა და მაქსიმალური მონიტორინგი. ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების ბიუჯეტში უკვე 113 მილიონი ლარია გარღვევა. მისივე თქმით, ამ პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მუშაობას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაიწყებს, რათა თავდაცვის უწყების არც ერთ რგოლს პრობლემა არ შეექმნას.
საქართველოს ახლადდანიშნული თავდაცვის მინისტრი, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მიზნით, სამხედრო ომბუდსმენის ინსტისტუტის შექმნასაც გეგმავს.