ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უნდა ეღირსონ მდგომარეობას, როდესაც თავისუფლება ნიშნავს კეთილდღეობას და არა პირიქით - გაღატაკებასა და პრობლემებს. მან მტკიცე პირობა დადო, რომ ყველა დანაპირებს შეასრულებს და ეს იმდენად გამოკვეთილად თქვა, რომ კომუნალური გადასახადების შემცირება, ენერგიის გაიაფება, საყოველთაო დაზღვევა და პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრება უკვე გარდაუვალია. თანაც, ეს ყოველივე 18 თვის განმავლობაში უნდა მოესწროს! რაკი ახალი პრემიერი სწორედ ამ ვადით აპირებს უხელმძღვანელოს მთავრობას, ძნელი წარმოსადგენია, მან პოსტი პროგრამის ძირითად დებულებათა შესრულებამდე დატოვოს, ხოლო თუ გავითვალიწინებთ, რომ ოპოზიცია (ყოფილი მმართველი პარტია) ამ „18 თვეს" მას მუდამ შეახსენებს, გამოდის, უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის პროგრამა ძირითადად შესრულებული უნდა იყოს.
სოციალური დაპირებების გარდა ივანიშვილის პროგრამა ბევრ სხვა საინტერესო დებულებას შეიცავს. მაგალითად, პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აპირებს კონსტიტუციური რეფორმის განხორციელებას. როგორც ჩანს, იგულისხმება პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო დასუსტება, - სახელმწიფოს მეთაურის არჩევა პარალმენტის (და არა ხალხის) მიერ და საქართველოს საბოლოო ტრანსფორმაცია რესპუბლიკელებისთვის საოცნებო „პარლამენტურ რესპუბლიკად". რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარეა, ხოლო კონსტიტუციონალისტი ვახტან ხმალაძე - იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.
ამ „18 თვიან პერიოდზე" შეიძლება ისიც ითქვას, რომ არაფერი ისე არ აფერხებს „ნაციონალური სიით" არჩეულ მაჟორიტართა „მეოცნებეების" რიგებში გადასვლას, როგორც ახალი პრემიერის განცხადება, რომ წელიწადნახევრის შემდეგ აუცილებლად დატოვებს ხელისუფლებას და საზოგადოებრივ მოღვაწეობას დაუბრუნდება. აი შედეგიც: კენჭისყრამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას 88 დეპუტატმა მისცა ხმა. არადა, პირველ სხდომაზე ზოგიერთმა კენჭისყრამ 91 და 92 აჩვენა.
ბიძინა ივანიშვილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „ოკუპირებული ტერიტორიები" უწოდა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ გამონახავს საერთო ენას რუსეთთან. როგორც ჩანს ეს თემა ახალი პრემიერისა და მისი მთავრობის მთავარ გამოწვევად იქცევა, რადგან არსებობს გადაუწყვეტადი პრობლემები, რომელთაც მთავრობა ვერც ერთი მხრიდან „ვერ მიუდგება" და შეიძლებ აღმოჩნდეს ყველაზე უარეს, - „ცუგცვანგის" მდგომარეობაში, როდესაც ნებისმიერი ნაბიჯი ან თუნდაც უმოქმედება მნიშვნელოვნად დაარტყამს მის პოზიციებს.
სერიოზული მახეა აგრეთვე „ერთ მილიარდიანი ფონდი" სოფლის მეურნების განვითარებისთვის. ბიძინა ივანიშვილი უკვე იძულებულია პირდაპირ თქვას, რომ საბიუჯეტო დეფიციტს საკუთარი ხარჯებით დაფარავს. მაგრამ ჯერ ერთი, პირდაპირი სუბსიდიები სოფლის მეურნეობის ან სოციალური სიდუხჭირის პრობლემებს ვერ გადაჭრის. გარდა ამისა, კერძო პირის მიერ (თუნდაც მილიარდერი იყოს) მთელი ქვეყნის ბიუჯეტის შევსება ძალიან ცუდად იმოქმედებს ამ ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე. როგორი კეთილი სურვილითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი, ამით ხაზი გაესმება სახელმწიფოს არშემდგარობასა და დავრდომილობას, რაც სტრატეგიული თვალსაზრისით ბევრად მეტ ზიანს მოიტანს.
სხვა მხრივ, მთავრობის მხრიდან ბანკისგან ფულის სესხება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ოღონდ სულ სხვაა, როდესაც ეს ბანკი თვით პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. არც ერთი იურიდიული ან მორალური ნორმაც რომ არ იყოს დარღვეული, თანამედროვე მსოფლიოში ასეთი რამ ძალიან ცუდ ტონად ჩაითვლება. პრესტიჟი კი ისეთი კატეგორიაა, რომელიც თითქოს ხელშესახები არ არის, მაგრამ საბოლოოდ პრაქტიკული შედეგი მოაქვს.
ყველაზე ნიშანდობლივი მაინც გაფიცვების ის უცნაური ტალღაა, რომელიც მთავრობის დამტკიცებას დაემთხვა. არსებობს კონსპიროლოგიური თეორია, რომ ყოველივე წინა ხელისუფლების „ნაეშმაკარია". მით უმეტეს, პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ არის „წინა". მაგრამ ასე რომ იყოს, მეტისმეტად იოლად გადასაწყვეტი პრობლემა იქნებოდა ახალი ხელისუფლებისთვის. სინამდვილეში, პრობლემა სისტემურია: მოდუნდა ის „უხილავი ხელი", რომელიც სოციალურ წინააღმდეგობებს და ამ წინააღმდეგობებიდან გამომდინარე პროტესტს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევდა. დემოკრატიას და პლურალიზმს „გვერდითი შედეგებიც" ახასიათებს და სწორედ ისინი შეიძლება იქცნენ საბოლოო მარცხის მიზეზად: ჩვენგან განსხვავებით, საბერძნეთი ევროპაში მდებარეობს და მისთვის დიდი ტრაგედია არც ის იქნება, თუ ევროზონიდან გარიცხავენ. ათენის ქუჩებში დატრიალებული ამბების ანალოგია ჩვენში საპირისპირი შედეგს გამოიღებს: ერთ-ერთი დიდი მეზობელი ქვეყნის სავალუტო ზონაში მიგვიღებენ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი