საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია "რია ნოვოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში ქართული არმიის რეფორმირების შესახებ საუბრობს.
"პირველ ყოვლისა, საჭიროა თავდაცვითი უწყების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება. თავდაცვის სამინისტროზე კონტროლი რეალურად დემოკრატიული იქნება. მეორე არის ის, რომ კარგად უნდა გამოვიკვლიოთ და გავაცნობიეროთ, რა პრობლემები იყო თავდაცვის სამინისტროში ბოლო 20 წლის განმავლობაში და ჩვენი საბრძოლო შეტაკებები - რუსეთის ფედერაციასთან და სხვა პრობლემები რატომ არ იქნა გადაწყვეტილი ბოლომდე. უნდა გავიგოთ, რა სისტემური ხასიათის პრობლემები გვაქვს. მესამე არის ჩვენი ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია, იმისათვის რათა ჩვენი და ჩვენი პარტნიორობის ოპერატიული შეთავსებულობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს",_ აცხადებს ალასანია და აღნიშნავს, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში იმყოფებიან და ისინი იქ მისიის დასრულებამდე დარჩებიან.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის დოქტრინა და ტაქტიკა ანალიზის საფუძველზე შეიცვლება.
"ჩვენ არ ვაპირებთ თავდასხმითი ძალები შევქმნათ, მართალია, ჩვენი ტერიტორიის ერთი მესამედი ოკუპირებულია, მაგრამ ძალიან ღიად პოლიტიკურად შევაფასეთ, რომ არ ვაპირებთ და არც ძალგვიძს შევცვალოთ ეს რეალობა სამხედრო ჩარევის გზით. ეს დიპლომატია და ეს მოლაპარაკებებია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პრობლემა ბოლოს და ბოლოს გადაწყდება, ვინაიდან რუსეთს ხელი აქვს მოწერილი მშვიდობიან ხელშეკრულებაზე, რომელიც ევროპელებმა შეიმუშავეს და ის უნდა შესრულდეს. გვესმის, რომ ახლა რეალობა სხვაგვარია და ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკების გზით შეიძლება ევროკავშირის შუამავლობით", _ აცხადებს ალასანია.
მისი თქმით, ამასთან ერთად, საქართველოს აქვს საფრთხეები - ეს ტერორიზმი და ექსტრემიზმია და ქვეყანას ამაზე რეაგირება ძალიან სწრაფად და მობილურად უნდა შეეძლოს.
"ასე რომ, აქცენტი ჩემი მხრიდან გაკეთებული იქნება იმაზე, რომ გვყავდეს ძალიან მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილური არმია, რომელიც ამ ახალ გამოწვევებს წინ აღუდგება", _ აცხადებს ალასანია.
თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ამჟამად შტატში 30 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა და მათი რაოდენობა შემცირდება.