"მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ნატოსთან დასაახლოებლად კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმების შესახებაც ისაუბრეს.
"საუბარი გვქონდა თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს ურთიერთობაზე. იმ რეფორმებზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა განხორციელდეს, რომ მივაღწიოთ სრულ სამოქალაქო კონტროლს და სისტემის ტრანსფარანტულობას. მაღალი შეფასება აქვს ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, ვინც ავღანეთში გმირულად იბრძვიან. მაღალი შეფასება აქვს ჩვენი ურთიერთობის მომავალს. მგონია, რომ მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ნატოსთან დასაახლოებლად კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში და ამას, რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნებმა, ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემამ დიდწილად შეუწყო ხელი", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია და ალექსი პეტრიაშვილი.