ENG / RUS       12+

სოსო ცისკარიშვილი: ისეთი გუნდის მოძიება, რომელიც შეძლებს საქართველოში ეკონომიკური წარმატების მიღწევას იოლი არაა

რესპოდენტის შესახებ

ბიძინა ივანიშვილმა 8 ოქტომბერს საზოგადოებას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, თუმცა ეკონომიკური გუნდის გამოკლებით. რატომ გააჭიანურა "ქართული ოცნების" ლიდერმა ქვეყნის მთავრობის ეკონომიკური გუნდის დასახელება და აქვს თუ არა შესაბამისი რესურსი მთავრობის ახალ შემადგენლობას რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის - ამ თემებზე "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილის ესაუბრა.

_ შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკური გუნდის დასახელება გაუჭირა. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი და ვინ შეიძლება ვიხილოთ ამ შემადგენლობაში?

_ ეკონომიკური სფეროს თავკაცობა ადვილი არ არის, მით უმეტეს, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. ალბათ, ხანგრძლივი ფიქრი მეტ არგუმენტს შესძენს იმ კანდიდატს, ვინც ეკონომიკის მინისტრად იქნება დასახელებული.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გამოყო ბიძინა ივანიშვილმა და სხვ შემადგენლობებთან ერთად რატომ არ დაასახელა ეკონომიკური გუნდი?

_ წარმატებული ბიზნესმენი ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობით ეპყრობა სფეროს, რომელშიც სხვაზე უკეთაა გაცნობიერებული. ამდენად, ისეთი გუნდის მოძიება, რომელიც დანამდვილებით შეძლებს საქართველოში ეკონომიკური წარმატების მიღწევას, იოლი არაა.

_ რას ფიქრობთ მინისტრთა ახალი კაბინეტის შესახებ?

_ დასახელებული მინისტრებს აერთიანებს პატიოსნება და მაღალი მოქალაქეობრივი ღირსებები.

_ როგორ ფიქრობთ, გაამართლებს მინისტრთა ახალი შემადგენლობა?

_ დიდი ალბათობით, ეს ასე უნდა იყოს, რადგან პრემიერ-მინისტრობის ისეთი სანდო კანდიდატი, როგორიც ივანიშვილია და პარლამენტის თავმჯდომარეობის ისეთი კანდიდატი, როგორიც დავით უსუფაშვილია, რამდენიმე თვის წინაც კი წარმოუდგენელი იყო.

_ მოგეხსენებათ, საზოგადოებაში "რესპუბლიკელები" მაინცდამაინც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არ სარგებლობენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია ივანიშვილის მხრიდან უსუფაშვილის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარედ?

_ საზოგადოების უარყოფითი მუხტი "რესპუბლიკელების" მიმართ განპირობებული იყო იმ ამბიციებით, რომელიც პარტიას ჰქონდა. "რესპუბლიკური პარტია" ხალხთან ურთიერთობისას გარკვეული მედიდურობით გამოირჩეოდა. რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტელექტუალური რესურსის მქონე პარტიაა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიები არ ჰქონდათ ისე დალაგებული, რომ პარტიის ინტელექტუალური მხარე სასურველი შედეგის მისაღებად გამოყენებული ყოფილიყო. "რესპუბლიკელები" სიტუაციის კენტი მმართველები აღარ არიან და ახლა "ქართული ოცნების" წევრები არიან.

_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას: ვლადიმერ პუტინი მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯომაზე უარს აცხადებდა. ახლა, როცა ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდი მოვიდა, როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან ურთიერთობა?

_ კრემლის მესვეურნი მაქსიმალური მიზეზების მოძიებას ეცდებიან, რათა საქართველოს ხელისუფლებასთან სერიოზული მოლაპარაკება არ დაიწყონ: რუსეთს საქართველოსთან ბევრი სალაპარაკო არა აქვს, რადგან ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%.

_ ანუ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას არ უნდა ველოდოთ?

_ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება მარტივად არ მოხდება. ჩემი აზრით, მთავრობებს შორის კომუნიკაციების გზა, პირველ ყოვლისა, გადის პროფესიულ კონტაქტებზე, საკუთარი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ რეალისტთა ხშირ ურთიერთობებზე, რადგან ხელისუფლების აპოლოგეტი იქნება ეს პოლიტიკოსი თუ ექსპერტი, შემაფერხებელია ასეთი პროცესებისთვის. დღეს უკიდურესად პოლარიზებულია რუსეთის საზოგადოება და მათი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ განსხვავებულია.

_ "ქართულმა ოცნებამ" რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების სურვილი გამოთქვა. უახლოეს მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის დარეგულირება?

_ ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ როგორც ტექნიკური პრობლემა და არა პოლიტიკური. სირცხვილია, როცა რუსეთს საკუთარ სახედ ონიშენკო ჰყავს. ის წყვეტს პოლიტიკურ საკითხებს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ონიშენკო პუტინის რუპორია. ვფიქრობ, რუსეთთან მოლაპარაკების გზა გადის ქართველების მხრიდან აღდგენილ დიალოგზე აფხაზ და ოს ხალხთან. პირველ ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, რომ კეთილმეგობრობის ინსტიტუტი აღვადგინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ რაიმე ტიპის სახელმწიფო სტატუსის წარმოქმნაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ძლიერი, ერთიანი პერსპექტივის მქონე გახდება მას შემდეგ, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჩნდება სურვილი ქართველებთან ერთად ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში თანაარსებობისა.

_ 18 ოქტომბერს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ჩამოდის. რას უნდა ველოდეთ ნატოს უმაღლესი რანგის სტუმრების ვიზიტისგან, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს აღდგენილი ტერიტორიული მთლიანობა. შესაძლებელია ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია?

_ არა მგონია, წლევანდელი ან მომავალი წლის ნატოს უმაღლესი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი დაკავშირებული იყოს ჩვენი ქვეყნის სერიოზულ პერსპექტივასთან ნატოში გაწევრიანების შესახებ.

_ მაშინ რას ემსახურება ალიანსის მაღალი რანგის პირების სტუმრობა?

_ ნატოს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ დარწმუნდნენ ახალი ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ ხედვაში: ნახონ, რომ ამ კუთხით ნაბიჯები უკან არ გადაიდგმება. მიხეილ სააკაშვილმა იმდენი იძახა, რომ მოდის ძალა, რომელსაც საბჭოთა კავშირში დაბრუნება უნდა, რომ ადამიანების ნაწილი იტოვებდა აზრს პროცესების ამ მიმართულებით განვითარების შესახებ.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.

 

ავტორი: . .