საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი იმყოფება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სარდალი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძეს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო სფეროში მიმდინარე გაღრმავებულ თანამშრომლობაზე. გაერთიანებული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან იმავე კურსით გააგრძელებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, აშშ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის პროცესში.
შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის საკითხები.
გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ალიანსთან და აშშ-სთან ISAF-ის შემდგომ პერიოდშიც გააგრძელოს თანამშრომლობა.
ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ასევე შეხვდება IV ქვეითი ბრიგადის მეთაურს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობას.
გენერალ-ლეიტენანტ ჯონ პაქსტონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 7 ოქტომბერს დასრულდება.