საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოპერაციების დარგში ელჩი სტეფან ევანსი იმყოფება.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" იმყოფებოდა.
თაავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი შაშკინმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს.
ქართველ სამხედროებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით ქართველი სამხედროები დიდ გამოცდილებას იღებენ, რითიც ძლიერდება ქართული არმია. ამავდროულად, ISAF-ის მისიაში წვლილის შეტანა მნიშვნელოვანია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის.
თავის გამოსვლაში სტეფან ევანსმა ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ ეამაყება იმ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა, რომლებიც მომავალი წლის მარტში სამშვიდობო მისიას შეასრულებენ ავღანეთში. მისიაში მონაწილეობით ქართველ ჯარისკაცებს ერთის მხრივ დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს აღმშენებლობის საქმეში, ასევე მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.