ENG / RUS       12+

ჩემი შვილიც წამებით მოკლეს (Video)

რესპოდენტის შესახებ

გორის სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი ჯარისკაცის, 19 წლის კობა მახარაშვილის დედამ ლალი მახარაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ჯარისკაცის დედის განცხადებით, მისი შვილიც წამებით მოკლეს. „ტანზე რომ გავხადეთ, ვნახეთ ნაცემი იყო, დაჟეჟილობები, ნაკაწრები და ნაკბენები ჰქონდა. კბილები ზედ აღარ ჰქონდა, ჩატეხილი ჰქონდა კონდახით და გაუბედურებული იყო", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

„11 ივლისს, საღამოს, ჩემს მეუღლეს დაურეკეს და უთხრეს, რომ შენი შვილი საავადმყოფოში წევსო. ჩემი მეუღლე გაოგნდა. მაშინვე გაიქცნენ ბიჭები, ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მეორე დღეს ჩამოვასვენეთ, არადა სამ თვეში უმთავრდებოდა სავალდებული სამხედრო სამსახური. ტანზე რომ გავხადეთ, ვნახეთ ნაცემი იყო, დაჟეჟილობები, ნაკაწრები და ნაკბენები ჰქონდა.ზურგიც სულ დაკაწრული, მეჯები დალურჯებული ჰქონდა. მუცელში იყო ნაცემი ჩექმიანი ფეხებით. ნაწამები და გაუბედურებული იყო. სანამ ცოცხალი იყო, წერილებს გვწერდა, გადამიყვანეთ აქედან, გთხოვთ, ყველას შეეხვეწეთ, რომ აქედან წამიყვანოთო.

საღსალამათი გავგზავნე და მკვდარი მომისვენეს სახლში, ნაწამები. უფროსების იარაღით ნაწამები. თავში რომ დაგარტყავს იმხელა კონდახს, რა მოგივა? კბილები ზედ აღარ ჰქონდა, ჩატეხილი ჰქონდა კონდახით და გაუბედურებული იყო. ჩემი შვილი რომ ჩამოასვენეს 40 დღის მერე, ორმოცი გვქონდა და ნათესავის ბავშვი ჩამოასვენეს მცხეთიდან. რას უშვრებიან იქ?

- თქვენ არ აკეთებდით კომენტარს, ვიდრე დაკრძალვიდან რამდენიმე დღე არ გავიდა. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ საუბრის უფლებას არ გაძლევდნენ. ვინ ახდენდა ზეწოლას?

- მიცვალებული რომ ჩამოასვენეს, სამხედროდან მოჰყვნენ, 4 ბიჭი იყო. სანამ არ დავკრძალეთ, იქ იდგნენ და შემოგვყურებდნენ რას ვიმოქმედებდით.

- ვინ იყვნენ არ იცით?

- არვიცი, არა.

- არ ჰკითხეთ, ვინ იყვნენ?

- თავი არა მქონდა შვილო, მკვდართან ვიჯექი, იმას დავყურებდი. იდგნენ, რომ გავიდოდი, გამოვიდოდი, ნერვები მეშლებოდა, მაგრამ რას გავაკეთებდი? სულ შეკითხვებში იყვნენ, რომ რა, როგორ, რანაირად წავიდოდა ყველაფერი.

- პროკურატურამ თქვენი შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ამ საქმეზე ბრალდებულ სერჟანტს, 26 წლის თენგიზ გელაშვილს ბრალი დაუმძიმეს და ის ჯარისკაცების წამებაში დაადანაშაულეს...

- იქ ერთი არ არის დამნაშავე. ეხლა ერთი დაიჭირეს და იმაზე უნდათ წააქციონ ეს ყველაფერი, მაგრამ იქ ყველანი ჩასაყრელები არიან და 25 წელი მაინც აქვთ მისაცემი. თუ არა, ამოვთხრი ჩემს შვილს და იქ მივიტან კუბოთი. როგორ მოიკლა თავი, მაგასაც გავაგებინებ მაგათ".

შეგახსენებთ, რომ კობა მახარაშვილი 2012 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. კობა მახარაშვილის ბებია ელიკო არუთინაშვილიც ამბობს, რომ მისი შვილიშვილის ცხედარს წამების კვალი ეტყობოდა: „ლოყაზე ფრჩხილები ეტყობოდა, პირზე რევოლვერი ეტყობოდა ჩაჩრილი, ტუჩები სულ შავი ჰქონდა. თავი ჰქონდა გადაჭრილი და გაკერილი, გულიც ჩაჭრილი და გაკერილი. ცხედარი დაკრძალვამდე ოჯახის ახლობელ ექსპერტს ვაჩვენეთ, ეს თავისით მკვდარი არ არის, მოკლულიაო გვითხრა," - განუცხადა ჯარისკაცის ბებიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კობა მახარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია გორის მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სერჟანტი თენგიზ გელაშვილი. საქმეს გორის სასამართლო განიხილავს. საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2012 წლის 12 ივლისს, მე-5 ქვეით ბრიგადაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სერჟანტმა გელაშვილმა რიგით ჯარისკაცს, 19 წლის კობა მახარაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით სახეში ორჯერ გაარტყა, რის შემდეგაც კობა მახარაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კობა მახარაშვილის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, მცხეთაში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 21 წლის ჯარისკაცი ჯაბა გაბიტაშვილი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინიდან იყო. თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულის ოჯახს ტელეფონით აცნობა, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.

ick.ge

ავტორი: . .