საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებული ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს ფრენკ ბოლანდს უმასპინძლა. ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ფრენკ ბოლანდმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესისა (PARP) და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) თავდაცვის ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დირექტორატის ოფიცერი გუსტავ ვროემანი. შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროს ახალი 3T კონცეფციაც გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში ფრენკ ბოლანდმა და გუსტავ ვროემანმა შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებთან.
ფრენკ ბოლანდი 2003 წლიდან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის, შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვის დირექტორატს ხელმძღვანელობს. იგი პასუხისმგებელია, როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფოების, ასევე პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის პროცესის წარმართვაზე.