საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე კონკურსს აცხადებს, - ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტროს "ფეისბუკის " გვერდზე ვრცელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/mod.gov.ge აცხადებს კონკურსს მემორიალის დიზაინზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის დიზაინი. დიზაინის ავტორმა უნდა გაითვალისწინოს კონკურსის მთავარი მოთხოვნა - მემორიალზე უნდა განთავსდეს დაღუპულ გმირთა სახელები.
საკონკურსო ფოტოების გაგზავნა (JPG ფორმატში) შესაძლებელია 2012 წლის 25 სექტემბრამდე თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე konkursi@mod.gov.ge;
ფოტოს გამოგზავნისას აუცილებელია მიუთითონ კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
გამოგზავნილი მასალა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს კონკურსის თემატიკასთან; არათემატური მასალა ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან; პლაგიატის შემთხვევაში ფოტო ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
ფოტოები განთავსდება სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ფოტოალბომში "მემორიალი". 25 სექტემბერს, 18:00 საათზე, გამოვლინდება ის 10 საუკეთესო დიზაინი, რომელიც მომხმარებლის მხრიდან დააგროვებს ყველაზე მეტ Like-ს. ამ 10 საუკეთესო ფოტოს შორის გამარჯვებულ დიზაინს გამოავლენს კომპეტენტური კომისია.
გამარჯვებული დიზაინის ავტორს საჩუქრად გადაეცემა პორტატული კომპიუტერი.