რესპოდენტის შესახებ
ამავე დღეს, 14 საათზე ამირანის ფოიეში გაიმართება კვირეულთან დაკავშირებული პრესკონფერენცია, რომელსაც სპეციალურად მოწვეული ფრანგი სტუმრებიც დაესწრებიან. კვირეულის მიზანია, საქართველოში ევროპული კინოს პოპულარიზაცია.
ერთი კვირის მანძილზე, ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს თანამედროვე ევროპული ფილმები, რომელთა ავტორები კანის ფესტივალის კრიტიკოსებმა ახალ ტალანტებად აღიარეს. თბილისში გამართულ კრიტიკოსთა კვირეულზე წარმოდგენილი იქნება სპეციალურ პროგრამაში 2011-12 წლებში ნომინირებული საუკეთესო ფილმების კრებული.
სეანსები კინოთეატრ ამირანში გაიმართება ყოველ დღე (15-21 სექტემბერს), 20 საათზე. ბილეთის ფასი იქნება 5 ლარი. გახსნის ცერემონიაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით.
ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, კვირეულს დაესწრებიან კრიტიკოსთა კვირეულის სამხატვრო დირექტორი - ჩარლზ ტესონი, კვირეულის პროგრამების მენეჯერი - რემი ბონომი, ფილმ „ავეს" პროდიუსერი - ჯეფრი გრისონი და ფილმ „ჩემი პატარა პრინცესას" რეჟისორი - ევა იონესკო.
„ავეს" და „ჩემი პატარა პრინცესას" სეანსების დასრულების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება, კითხვები დაუსვან ფილმების ავტორებს.
კრიტიკოსთა კვირეული წელს 51-ედ გაიმართა კანის კინოფესტივალის ფარგლებში და მის მთავარ მიზანს ახალი ტალანტების ძიება და მათი სამომავლო მხარდაჭერა წარმოადგენს. ეს სექცია კანის კინოფესტივალს 1961 წელს საფრანგეთის კრიტიკოსთა ასოციაციის ინიციატივით დაემატა. სწორედ კრიტიკოსთა კვირეულმა შეუწყო ხელი შემდგომში საქვეყნოდ ცნობილი რეჟისორების აღმოჩენას, მაგალითად: ბერნარდო ბერტოლუჩი, კენ ლოუჩი, ოთარ იოსელიანი, ლეო კარაქსი, თემურ ბაბლუანი, ფრანსუა ოზონი, ჟული ბერტუჩელი და სხვები.
ყოველწლიურად, კრიტიკოსთა კვირეულის ფილმების ჩვენების სურვილს მრავალი ქვეყანა გამოთქვამს, მაგრამ წლის მანძილზე მხოლოდ ორ ქვეყანაში იმართება. წელს ჩინეთთან ერთად პროგრამას საქართველო მასპინძლობს, რაც ქართული კინოსექტორის წინსვლისა და საქართველოს მიმართ, საერთაშორისო დონეზე, მზარდი ინტერესის შედეგია.
თბილისში წარმოდგენილი ყველა ფილმი გამოირჩევა წარმატებული საფესტივალო ისტორიით, ეს წარმატება კი კრიტიკოსთა კვირეულზე მონაწილეობით დაიწყო. შერჩეული შვიდი ფილმიდან ექვსი ფრანგული კოპროდუქციაა.