ირანელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. კომპანია "არაშ ფაუნდეიშენის" ხელმძღვანელობა საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და რამდენიმე ქართული კომპანიისა და კომერციული ბანკის წარმომადგენლებთან კონკრეტული შეხვედრებიც გამართა.
ირანული მხარე ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის, საბანკო და ტურიზმის სექტორში ინვესტირებითაა დაინტერებული.
საქართველოში მყოფი ირანელი ბიზნესმენები დღეს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მიიღო. როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა ირანელ ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ირანული მხარე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ჯერ კიდევ მის მინისტრად დანიშვნამდე იყო დაინტერესებული. "ვიზიტი გაცნობითი ხასიათისაა, თუმცა უკვე გამოიკვეთა მათთვის საინტერესო კონკრეტული სფეროები. საუბარია საკმაოდ მსხვილ პროექტებზე. ამასთან ეს ბიზნეს ჯგუფი გეგმავს ირანელი ტურისტების საქართველოში ჩამოყვანას, რაც ჩვენთან ტურიზმის განვითარების მხრივ საინტერესო პერსპექტივა იქნება" - აღნიშნა მინისტრმა.
კომპანია "არაშ ფაუნდეიშენი" მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ბულგარეთში. საუბარია 300 მილიონი დოლარის მოცულობის პროექტებზე.