სტატია იწყება რუზველტის მიერ სამხრეთამერიკელ დიქტატორის მისამართით ნათქვამზე - "ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი" და იქვე ავტორი აღნიშნავს რომ ეს განცხადება იმ დროს საკმაოდ დესტრუქციული აღმოჩნდა, რადგან შეაფერხა დემოკრატიის განვითარება რეგიონებში, რომლებმაც დასავლეთს მისი ორმაგი სტანდარტები დღემდე ვერ აპატიეს.
"ახლა ეს თითქმის შეუძლებელია. დემოკრატიული ქვეყნებისთვის სულ უფრო და უფრო რთულია ღიად დაუჭირონ მხარი იმ ქვეყნებს და ლიდერებს, რომლებიც თავისუფლებას უარყოფენ და დემოკრატიას ზღუდავენ", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის კეთილგანწყობა ჯერ არ დაუკარგავს.
"მან წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის "ვარდების რევოლუციაში", პატარა ქვეყნის პრეზიდენტი პირველად 2004 წელს, ხელმეორედ კი 2008 წელს გახდა. ამ ხნის განმავლობაში მან დაიწყო იმ ტოტალური კორუფციის ამოძირკვა, რომელმაც დაამახინჯა ქვეყანა, ასევე ეკონომიკის ლიბერლიზაცია, რათა გაეთანაბრებინა საქართველო დასავლური დემოკრატიებისთვის. შედეგად, მაშინ როდესაც მის კავკასიელ მეზობლებთან ბიზნესის წარმოებას ყველა გაურბის, საქართველო ინვესტიციების განხცორციელებისთვის კარგ ადგილად მიიჩნევა", - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა როგორც წერილშია აღნიშნული, ამ ქვეყნის დიდი პრობლემა მისი არასტაბილურ და სადაო რეგიონში მდებარეობა, რუსეთან სიახლოვე და მასთან ურთიერთობაა.
"2008 წელს რუსეთის არმიამ მხარი დაუჭირა გამოყოფილ სამხრეთ ოსეთის რეგიონს, რასაც საქართველოს მოსალოდნელი მარცხი მოჰყვა. ხუთდღიანმა ომმა დასავლეთს და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაამწვავა; ომმა ბუნებრივად შეაშფოთა რუსეთის სხვა პატარა მეზობლები, რომლებსაც სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ის მეთოდები, რომელსაც მოსკოვი მის მოსაზღვრე ქვეყნებთან ურთიერთობისას იყენებს. ასე რომ, საქართველოს დემოკრატიულ პრეზიდენტს უამრავი საზრუნავი აქვს, თუმცა ამ პატარა და ხმაურიანი ქვეყნის მართვასთან ერთად, მის ერთ-ერთ საზრუნავს თანამდებობიდან დროული წასვლა უნდა წარმოადგენდეს. მომავალ წელს (2013) სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე და ბოლო ვადა უმთავრდება. ბოლო რამდენიმე წელია, გაჩნდა შიში იმისა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომლის მიზანიც პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების გაზრდა იყო, ის პუტინის ნაბიჯის გამეორებას გეგმავს და შესაბამის მომენტში ერთი თანამებობიდან მეორეზე გადაინაცვლებს", - ნათქვამია სტატიაში.
სარედაქციო წერილის თანახმად, გარდა ამისა, არსებობს დამაჯერებელი პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, მთავრობამ სახელმწიფო მედიასაშუალებები და ადმინისტრაციული რესურსი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ბოროტად გამოიყენა.
"ახლა, 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიცია ჩივის, რომ პრეზიდენტი და მისი პარტია მათი ფონდების კონფისკაციით ძირს უთხრიან ოპოზიციის არჩევნებში ბრძოლის შესაძლებლობას. რუსეთიდან კი აშკარა კმაყოფილება იგრძნობა იმით, რომ მათი მტერი ახლა სწორედ მათსავით შეირცხვენს თავს. ქართული ოპოზიცია საკმაოდ უცნაურია. მის სათავეში მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც რუსეთში გამდიდრდა და რომლის პირადი ქონებაც, როგორც ამბობენ, საქართველოს ეკონომიკის წლიური მოცულობის ნახევრის ტოლია. ეს სერიოზული რესურსია, მაგრამ საქართველოს რეპუტაციაც და დასავლეთში მისი მხარდაჭერაც ცალსახად დამოკიდებულია იმაზე, რომ მან უნდა დაიცვას და რეალურად განახორციელოს დემოკრატიის წესები. იმისთვის, რომ ბატონ სააკაშვილს და მის მემკვიდრეებს ჰქონდეთ სრულყოფილი მხარდაჭერა, მათ უნდა შემოგვთავაზონ უფრო უკეთესი რამ, ვიდრე არის მტკივნეული უკანდახევა ავტორიტარიზმისკენ და პოლიტიკური კორუფცია. ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს და ის აღქმული უნდა იყოს სამართლიან არჩევნებად", - აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ქართულ ვერსიას foreignpress.ge ავრცელებს.