სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის პროცესი დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს შეიარღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულები იქნებიან 18-დან 27-წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებული სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
აღნიშნული ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულები არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში. იმ შემთხვევაში კი, თუ პირს სამხედრო გაწვევის გადავადება სურს, შესაბამისი მოსაკრებელი უწყების მისვლიდან 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 1269 წვევამდელით განისაზღვრა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასავევ მოქალაქეთა რაოდენობა - 440 წვევამდელით; შინაგან საქმეთა სამინისტრის დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა - 1300 წვევამდელით.
ამავე ბრძანებულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე მუნიციპალიტეტების გამგეობებს და თვითმმართველი ქალაქების მერიებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაში გამოცხადებაში, რომლებიც თავს აარიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის პროცესი 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.