დნმ-ის ანალიზის შედეგების შესაბამისად, მოხდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების - სერჟანტ ზურაბ ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის, გელა თიგიშვილის იდენტიფიცირება ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ. სერჟანტი ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი სერჟანტი თიგიშვილი - 2006 წლიდან. მათ მიღებული აქვთ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული".
"სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გმირულად დაღუპულთა ოჯახებს. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.