უსაფრთხოების საკითხებისა და ნატოს შესახებ საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კონკურსის საერთაშორისო ორგანიზატორებთან ერთად მიიღო. კონკურსი, რომელსაც ნატოს მხარდაჭერით საფუძველი 2000 წელს ჩაეყარა, უსაფრთხოების საკითხებსა და ნატოს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ყოველწლიურად "ალიანტეს" დასკვნითი ეტაპი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამხედრო ბაზებზე იმართება. კონკურსის საერთაშორისო ორგანიზატორმა ზბინეკ პავლაჩიკმა (ჩეხური ევროატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაციის თავმჯდომარე - Jagello 2000-Association for euro Atlantic cooperation), საჩხერის სამთო მომზადების სკოლა დაათვალიერა, სადაც "ალიანტეს" ფინალური ეტაპი გაიმართება.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ძალიან მნიშნვნელოვანია, რომ კონკურსის დასკვნითი ეტაპი პირველად გაიმართება ქვეყანაში, რომელიც არ არის ნატოს წევრი", _ აღნიშნა ზბინეკ პავლაჩიკმა სკოლის დათვალიერების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
"ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელშიც ნატოს წევრი და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების უფროსკლასელები მონაწილეობენ. "ალიანტეს" ქართველი მონაწილეები წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიურები და წარმატებულებიც იყვნენ. ამ ეტაპზედაც ბევრი ქართველი ახალგზარდა ღებულობს კონკურსში მონაწილეობას და ამ აქტიურობის შედეგია ის, რომ ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებით "ალიანტეს" დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდება საქართველოში," - განაცხადა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ფინალის მონაწილეები, საჩხერის სკოლაში 3-4 დღის განმავლობაში კონკრეტულ სავარჯიშოებს და ამოცანებს გაივლიან. გამარჯვებულები კი ნატოს წევრ ქვეყანაში 10-დღიან მოგზაურობაში გაემგზავრებიან. პროექტში "ალიანტე" 13 ქვეყნის (საქართველო, ლიტვა, ლატვია, უნგრეთი, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, ჩეხეთის რესპუბლიკა და მონტენეგრო) გუნდი მონაწილეობს, თითოეულ ჯგუფში 4 წევრი შედის, თავად კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს (პირველ ორ ეტაპზე მონაწილეები ნატოს და უსაფრთხოების საკითხებზე ინტერნეტის მეშვეობით პასუხობენ კითხვებს).