ENG / RUS       12+

კახა კახიშვილი: ძალიან მალე ვნახავთ, რომ მერაბიშვილი უფრო გაძლიერდება

რესპოდენტის შესახებ

რამდენიმე დღეა, მთავრობაში დაჩქარებული წესით სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. საზოგადოების უმრავლესობისთვის შსს ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა მოულოდნელი აღმოჩნდა. კონკრეტულად, რას გულისხმობს მმართველი გუნდის ტაქტიკა და გამოიღებს თუ არა შედეგს სამთავრობო ცვლილებები - ამასთან დაკავშირებით, "ჯი-ეიჩ-ენს" არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ესაუბრა.

_ როგორ შეაფასებთ მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს?

_ სამთავრობო ცვლილებები უკავშირდება ხელისუფლების მობილიზაციას, რათა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეინარჩუნოს ძალაუფლება. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზე ბიძინა ივანიშვილის სახით სერიოზული კონკურენტი გამოჩნდა, საჭირო გახდა სამთავრობო გადაადგილებები და სახელისუფლებო ვერტიკალის გაძლიერება. პარალელურად, გაძლიერდა "ნაციონალური მოძრაობის" მენეჯმენტიც, როცა პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად მიხელ მაჭავარიანი გადაიყვანეს. მერაბიშვილის პრემიერად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ის იქნება პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.

_ თქვენი კოლეგები საუბრობენ, რომ მერაბიშვილი სააკაშვილისთვის შექმნილი ჩიხიდან გამოსაყვანად ბოლო იარაღია. იზიარებთ ამ ვერსიას?

_ ყოველთვის მართებულია, ნებისმიერმა ადამიანმა ფაქტები ადეკვატურად აღიქვას. ბევრი პოლიტიკოსი 2007-2008 წლებში ამბობდა, რომ სააკაშვილი უკვე თვითმფრინავში იჯდა და გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ საბოლოოდ სხვებს მოუხდათ წასვლა. ფაქტებს რაც უფრო ადეკვატურად აღიქვამს ადამიანი, ოპონირებისთვის უკეთესია, რადგან ვირტუალური გამარჯვებები, რომელიც ამა თუ იმ პირის წარმოსახვაში არსებობს, ადეკვატურ მოქმედებას ხელს უშლის. ისეთი ფიგურა, როგორიც მერაბიშვილია, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან სხვა თანამდებობაზე 2-3 თვით არ მიდიან, ამიტომ უნდა ველოდოთ, ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გააკეთებს, ხოლო მეორე მხრივ შსს უფრო რეპრესიული გახდება. მერაბიშვილის პრემიერად წარდგენის შემდეგ იმაზედაც საუბრობდნენ, რომ სააკაშვილმა სამთავრობო გადაადგილებებით მერაბიშვილი შეასუსტა. თუმცა რომელ შესუსტებაზეა საუბარი, პირიქით, ძალიან მალე ვნახავთ, რომ მერაბიშვილი უფრო გაძლიერდება.

_ ესე იგი, მიიჩნევთ, რომ ივანე მერაბიშვილი პრემიერად დანიშვნით დააწინაურეს და არა დააქვეითეს?

_ რომელ ჩამოქვეითებაზეა საუბარი, როცა მერაბიშვილი ის ადამიანია, რომელსაც სააკაშვილი თავიდან ბოლომდე ეყრდნობა. გაჩნდა მოსაზრება, რომ რადგან მერაბიშვილი შს მინისტრი აღარ იქნებოდა, ვერ გააკონტროლებდა ვერც შსს-სა და ვერც მთავრობას. შესაძლოა, შსს-ში გადაადგილებები მოხდეს და ახალაიამ თვისი კადრები ჩაანაცვლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილი აღნიშნულ უწყებაზე კონტროლს ვეღარ მოახდენს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ზურაბ ადეიშვილის ძალიან სერიოზული და ძლიერი ფიგურა, რომელიც შსს-ს პროკურატურიდან აკონტროლებს. ასე რომ, წინასაარჩევნოდ კონტროლი ყველა ადამიანზე იქნება, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებზე.

_ გასაგებია ხელისუფლების ტაქტიკა და სამთავრობო გადაადგილებები, მაგრამ მმართველ გუნდს თუ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ ექნება, გაამართლებს სამთავრობო ცვლილებები?

_ აღიარებულია, რომ მერაბიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ხალხის ნაწილი, რომელიც მმართველ გუნდს მხარს არ უჭერს და აკრიტიკებს, მერაბიშვილს პიროვნულად მაინც პატივს სცემს, რადგან მან კარგი მენეჯერული ფუნქციები გამოავლინა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიცია რას მოიმოქმედებს. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი აამუშავა და ივანიშვილის ფინანსების დაბლოკვა მოახდინა. ამიტომ საინტერესოა, ამ სიტუაციაში ოპოზიციას რა გეგმა აქვს შემუშავებული. წესით, მათ ყველა ეს ნაბიჯი გათვლილი უნდა ჰქონოდათ და ამიტომ ადეკვატურად უნდა იმოქმედონ.

_ პრემიერ-მინისტრმა კანონმდებლებსა და საზოგადოებას მთავრობის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. როგორ შეაფასებთ ახალი მთავრობის პრიორიტეტებს და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ დაპირებების შესრულება?

_ მერაბიშვილს წარმოდგენილ გეგმას ვუყურებ, როგორც წინასაარჩევნო სლოგანსა და "პიარს", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზეა გათვლილი. ხელისულებამ კარგად იცის, რა პრობლემები არსებობს, რა რთული ვითარება სოციალური მიმართულებით, ამიტომ ამომრჩევლის გარკვეული სეგმენტის გულის მოსაგებად შემოიღეს 1000-ლარიანი ვაუჩერი. მე, პირადად, რომელიც ეკონომიკის საკითხებში ზედაპირულად ვერკვევი, მეც კი ვხვდები, რომ 1000-ლარიან ვაუჩერს საქართველოს მოსახლეობისთვის არანაირი ეკონომიური სარგებელის მოტანა არ შეუძლია. ამ ვაუჩერებს სჯობს, ხელისუფლებამ შექმნას ისეთი გარმო, რომ ადამიანებს მუშაობის დაწყება და თავის რჩენა შეეძლოთ.

_ თქვენი თქმით, მთავრობის ახალი გეგმა თუ მართლაც წინასაარჩევნო "პიარის" ნაწილია, ამომრჩეველი ამ სატყუარაზე წამოეგება?

_ ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის სლოგანი ამომრჩევლის გარკვეულ სეგმენტზე კარგად მუშაობს. "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სლოგანებს თვალს თუ გადავავლებთ, იმავე მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ, პენსიის ას დოლარამდე გაზრდის შესახებ, თუნდაც იმას, რომ "გასაკეთებელი კიდევ ბევრია", მითხარით, რომლი დაპირება შესრულდა, მაგრამ თავის დროზე ამ სლოგნებმა კარგად იმუშავეს. პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წარდგენის დროს, თუ დააკვირდით, ზურაბ ადეიშვილი არ იმყოფებოდა, რაც თავისთავად საინტერესო მოვლენაა. ადეიშვილი თუ საქართველოში არ იმყოფება, პარლამენტში მისი არყოფნა გასაგებია, მაგრამ თუ ის საქართველოში იმყოფებოდა და სხვადასხვა მიზეზის გამო საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადეიშვილი დამოუკიდებლად ისეთ კონტროლის მექანიზმებს ინარჩუნებს, რითაც მთავრობის საქმიანობას აკონტროლებს. შესაძლოა, ის "ნაციონალურ მოძრაობაში' ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორც მერაბიშვილი, რადგან ადეიშვილს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია, მერაბიშვილი კი 2003 წელს პარტიის გენერალური მდივანი იყო, მაგრამ ადეიშვილი ნამდვილად ანგარიშგასაწევი ფიგურაა. ალბათ, ადეიშვილის მხრიდანაც კონტროლი უფრო გამკაცრდება, როგორც სარჩევნო პროცესებზე, ასევე მთავრობის საქმიანობაზე.

_ შესაძლოა, სამთავრობო გადაადგილებები ადეიშვილსაც შეეხოს?

_ დღეს ადეიშვილი ისეთი სამინისტროს წარმოადგენს, შეუძლია, ბევრ მინისტრს თავბედი აწყევლინოს. აქედან გამომდინარე, არა მგონია, ის რაიმე სხვა თანამდებობას დასთანხმდეს.

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

ავტორი: . .