რესპოდენტის შესახებ
უკრაინის ვიცე-პრემიერი სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინამ თავის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში საქართველოს რამდენიმე რეფორმა უკვე გაითვალისწინა და ამ ეტაპზე კორუფციასთან ბრძოლის საქართველოსეულ გამოცდილებას სწავლობს. სერგეი ტიგიპკო, რომელიც ყოველთვის ღიად აფიქსირებდა კარგ დამოკიდებულებას საქართველოსადმი და ქვეყნის მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან მიმართებაში, აცხადებს, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები სულ უფრო მჭიდრო ხდება. საქართველო და უკრაინა რამდენიმე ეკონომიკურ პროექტში ერთად მონაწილეობენ და როგორც ტიგიპკო განმარტავს, უკრაინა წლის ბოლომდე AGRI-ს პროექტს აუცილებლად შეუერთდება.
ტიგიპკო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკაზედაც ღიად საუბრობს და არც იულია ტიმოშენკოსთან მიმართებაში პოზიციის დაფიქსირებას გაურბის. ტიგიპკო აცხადებს, რომ კანონი ყველაზე მაღლა დგას.
- უკრაინამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას _ ევროპის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რა გავლენა მოახდინა "ევრო-2012"-მა უკრაინის ეკონომიკაზე და გახდა თუ არა ის ქვეყნის ეკონომიკის მასტიმულირებელი?
- ეკონომიკური ეფექტი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატიდან კომპლექსურად უნდა შეფასდეს. უკრაინისთვის "ევრო-2012" არა მხოლოდ ახალი სტადიონებია, არამედ არის 4 განახლებული აეროპორტი, ასობით კილომენტი ახალი გზა, ახალი მატარებლები, თვითმფრინავები, სასტუმროები. ის, რაც ჩაიდო ფეხბურთის ჩემპიონატის მოსამზადებლად ინფრასტრუქტურაში, იყო უპრეცედენტო დამოუკიდებელი უკრაინისთვის. თუ ადრე მრავალი ინვესტორი გვერდს უვლიდა უკრაინას, ინფრასტრუქტურის დაბალი დონის გამო, ამჟამად ეს პრობლემა მრავალი მიმართულებით მოხსნილია. მაგრამ ფეხბურთი არ არის მხოლოდ შემოსავალი ტურიზმიდან და ინფრასტრუქტურული ინვესტიციები - ეს, პირველ რიგში, უკრაინის იმიჯის გაუმჯობესების ინვესტიციაა და ერის სულიერი განწყობის ამაღლებაა. ასობით ათასი ევროპელი უკრაინაში ყოფნის შემდეგ თავის სამშობლოში მოყვება ჩვენი ქვეყნისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე და უკრაინის აღქმა უკვე იქნება სხვაგვარი. ემოციამ, რომელიც გვქონდა ჩემპიონატის მსვლელობისას, ჩვენი ერი უფრო ერთიანი გახადა. ახლა ჩვენი გახლეჩა უფრო ძნელი იქნება.
მრავალი მკვლევარი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მკვეთრი ზრდა 50-იანი წლების მეორე ნახევარში ბევრად პროვოცირებული იყო "ბერნის სასწაულით"- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების გამარჯვებით, 1954 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ ვერ მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ უკრაინის ნაკრებმა ღირსეულად იასპარეზა. ჩვენი ფეხბურთელები დარწმუნდნენ საკუთარ ძალებში და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებმაც ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობები, ქვეყნის პოტენციური ძალაც. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უკრაინაში იყვნენ პესიმისტები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანა ვერ შეძლებდა ჩემპიონატის ჩატარებას სათანადო დონეზე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევძლებთ უფრო სერიოზულ გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, თვით ისეთს, როგორიცაა 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის გამართვა.
- როგორც ვიცით, სამთავრობო დონეზე მხარეებს შორის აზერბაიჯანული გათხევადებული აირის საქართველოს გავლით უკრაინაში ტრანსპორტირებაზე შეთანხმება მოხდა. ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო და კერძო სექტორი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ჩაერთვებოდა. რა ეტაპზეა ეს ენერგეტიკული პროექტები და გააგრძელებს თუ არა უკრაინა "აგრის" პროექტის მხარდაჭერას?. ეს იმ ფონზე, როდესაც უკრაინა აშშ-იდან გათხევადებული გაზის იმპორტს ინტენსიურად განიხილავს...
- ჯერჯერობით AGRI-ში ჩართულია აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაც შეუერთდება მას, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ. ველოდებით, რომ შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება AGRI-ის სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსაა დაგეგმილი.
- უკრაინამ ოფიციალურად უკვე მიიღო შეთავაზება ლაზიკაში პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობაზე. როგორია უკრაინის პასუხი?
- ეს საკითხი განხილული იქნა ერთობლივი უკრაინულ-ქართული სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე. უკრაინას აქვს პორტებისა და აეროპორტების, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის დიდი გამოცდილება და მიმაჩნია, რომ მრავალი ჩვენი კომპანია ჩაერთვება ამ პროექტში, როგორც ინვესტორი, ასევე სამუშაოს შემსრულებლის როლში, მასალისა და მოწყობილობების მიმწოდებლად.
- უკრაინა-საქართველოს შორის ავიამომოსვლა პოზიტურად ვითარდება, თუმცა ზაფხულში, განსაკუთრებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანაზე, სერიოზული პრობლემები იქმნება, რადგანაც არსებული სიხშირეები საკმარი არ არის. იგეგმება თუ არა ზაფხულის განმავლობაში დამატებითი რეისების შესრულება?
- უკრაინიდან საქართველოში ავიარეისების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ბორისპოლის აეროპორტი ერთგვარ ჰაბად იქცა ქართველი მოგზაურებისთვის და ასევე ევროპელი ტურისტებისთვის, რომლებსაც საქართველოში მოხვედრა სურთ. უკრაინულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების ერთობლივი სამთავრობაშორისი კომისიის ბოლო სხდომის ერთ-ერთი შედეგი იყო ავიარეისების ზრდის გადაწყვეტილება, კერძოდ, ქუთაისის მიმართულებით.
- ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საბორნე მიმოსვლის გააქტიურებამ. ამჟამად არსებულ ვითარებას ანალიტიკოსები არასაკმარისად მიიჩნევენ. საუბარია იმაზედაც, რომ ორივეე ქვეყანა მნიშვნელოვან თანხებდ კარგავს. თუმდაც ავტომობილების ექსპორტის მიმართულებით. გერმანია უკრაინა-საქართველო, მნიშვნელოვანად გაზრდიდა შემოსავლებს. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე?
- გასულ წელს გაიხსნა ახალი ხაზი ქერჩი-ფოთი. ბორნების მიერ გადატანილი იქნა მილიონი ტონა ტვირთი და გადაყვანილ იქნა 10 ათასზე მეტი მგზავრი. მიმდინარე წელს კი დაგეგმილია, რომ ტვითბრუნვა 1,2 მლნ ტონა იქნება. ამჟამად საბორნე გადაზიდვებს 4 გემი ემსახურება და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათი სიმძლავრე საკმარისია.
მთავარი სიძნელე არის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული სახის პრობლემები, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია სამუშაო რეჟიმში და ეს ჩვენ შეგვიძლია.
- უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და უკრიანას შორს მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში (სუამ-ის ფარგლებში). წლების განმავლობაში უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებს შორის მე-3 ადგილს. იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით უფრო გააქტიურება?
- ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა ააქტიურებს ქართულ-უკრაინულ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც. უკრაინა თანდათანობით ხდება საქართველოსა და მთლიანად კავკასისთვის ევროპული ინვესტიციების ფანჯარა. ასევე ხელს უწყობს ურთიერთვაჭრობის ზრდას და საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორების აღდგენას. უკრაინელი ინვესტორები საკუთარ სახსრებს დებენ ფეროშენადნობში, ნახშირისა და ელექტროენერგიის წარმოებაში, ასევე საკურორტო ბიზნესში. გუდაურის ზამთრის კურორტს ავითარებენ უკრაინელი მეწარმეები. უკრაინელები დაინტერესებულები არიან ასევე ქართული მანქანათმშენებლობით, კერძოდ, ვაგონებისა და რკინიგზის ტექნიკის წარმოებით.
- უნდა ითქვას, რომ ციტრუსის სეზონზე, როდესაც ქართული მანდარინი ილიჩევსკის პორტში შედის, საბაჟოზე გადასახადი იზრდება. რატომ ხდება ასე?
- ადრე საბაჟო კანონმდებლობა არცთუ ისე კორექტულად არეგულირებდა საბაჟო ღირებულების ფორმირების საკითხს. ინსპექტორები საქონლის ფასს განსაზღვრავდნენ გეოგრაფიული თავისებურების გათვალისწინების გარეშე და იგივე ქართული მანდარინი შესაძლებელი იყო შეფასებულიყო უფრო ძვირადღირებული ესპანური ციტრუსის მსგავსად. 1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა უკრაინის "საბაჟო კოდექსის" ახალი რედაქცია და ვფიქრობ, ამასთან მიმართებაში ყველა პრობლემური საკითხი მოიხსნება.
- უკრაინამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ფარგლებში ძალიან ბევრი რამ შეძლო და საკმაოდ დაწინაურდა. რა არის ამ მიმართულებით უკრაინის წარმატებით ფორმულა და რას ურჩევს ის იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობენ?
- უკრაინისთვის ევროპული ინტეგრაციის პროცესი პირველ რიგში არის სტიმული ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად და ამავე დროს შიდა რეფორმების სწრაფად ჩატარების ფაქტორია. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმება ტექსტი 2 ათას გვერდზე მეტია, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ასპექტებს, სავიზო საკითხიდან დაწყებული, ხე-ტყის ვაჭრობით დამთავრებული. ამ შეთანხმების ძალაში შესვლა უკრაინის ეკონომიკის მთელი რიგი სფეროებისთვის არის მნიშვნელოვანი, მათი უცებ განვითარებისთვის. კერძოდ, საუბარია ქიმიაზე, მეტალურგიაზე, მანქანათმშენებლობაზე და კვების მრეწველობაზე.
- თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებული განწყობით.თქვენ ხართ უკრაინის მთავრობაში ის ადამიანი, რომელიც რეფორმებზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავთ საქართველოში გატარებულ რეფორმებს და ყოველთვის ხაზს უსვამთ, თუ რა იყო საქართველო ადრე რა არის ახლა. კონკრეტულად, რომელი რეფორმაა განსაკუთრებით მისაღები უკრაინისთვის და რამდენად განხორციელებადნია ანალოგიური რეფორმა თქვენს ქვეყანაში?
- ბოლო ორი წლის განმავლობაში 3-ჯერ ვიყავი საქართველოში და მივიღეთ რამდენიმე ქართული დელეგაცია კიევში. ჩვენთვის საინტერესოა ის რეფორმატორული გზა, რომელიც საქართველომ გაიარა. ჩვენ გამოვიყენეთ საქართველოს რამდენიმე გამოცდილება სამშენებლო რეფორმის მომზადებისას, საწარმოთა რეგისტრაციის სისტემის გამარტივებისას, საბაჟო რეფორმები, ქვეყანაში დადებითი საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად. ამჟამად მე ვსწავლობ საქართველოს გამოცდილებას კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
- რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ჩვენი ქვეყნებისთვის პროექტი "VIKING"-ი. და დამატებით რა რაოდენობის შემოსავლებს ვარაუდობთ მისი რეალიზაციიდან?
- პროექტი VIKING-ი, ინტერმოდალური გადაზიდვებია - საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით - ოდესა-მინსკი-კლაპედას მარშრუტით. პროექტმა სტარტი აიღო 2008 წელს და ევროკავშირის მიერ აღიარებული იქნა, როგორც სამაგალითო, ტვირთების გადაზიდვაში. მიმდინარე წელს საქართველომ, მოლდოვამ და ბულგარეთმა განაცხადეს მზადყოფნა პროეტ VIKING-თან მიერთების შესახებ. ახალი "საბაჟო კოდექსი" ქმნის ხელსაყრელ პირობებს სატრანსპორტო ტვირთების გადასაზიდად. 11 მაისიდან ეს საკონტეინერო შემადგენლობა, პროექტის ფარგლებში უკვე მოძრაობს არა ორჯერ, არამედ კვირაში სამჯერ. ხოლო გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა გასულ წელს 8-ჯერ გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროექტის ეფექტურობასა და მომგებიანობას.
- ტიმოშენკოს საქმემ გარკვეული ნეგატიური გავლენა მოახდინა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. რამდენად "მკაცრი" აღმოჩნდა კანონი მის წინააღმდეგ?
- მე ვიცი ერთი რამ - 2009 წლის გაზის კონტრაქტი უკრაინისთვის იყო წამგებიანი და ჩვენ უნდა მივაღწიოთ მის გადახედვას. მე, როგორც სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, შემიძლია ვთქვა, რომ არა ეს კონტრაქტები, უკრაინელი პენსიონერები დღეს 400 გრივნით მეტს მიიღებდნენ.
რაც შეეხება "კანონის სიმკაცრეს", კანონის წინაშე ყველა თანასწორია: საკუთარი ქმედებებისთვის პასუხისგება უნდა ხდებოდეს სოციალური მდგომარეობისა და თანამდებობის მიუხედავად.
- თქვენი აზრით, რამდენად პოზიტიურად ვითარდება ქვეყანაში დემოკრატია და რა მიგაჩნიათ განსაკუთრებულად აუცილებლად ამ პროცესის წარმატებისთვის?
- უკრაინაში არის დემოკრატიისთვის ყველა ატრიბუტი - მედიის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩვენთვის იქნება გამოცდა. დარწმუნებული ვარ, მას ჩავაბარებთ და არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდება. ამისთვის უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ: ხმების უმრავლესობით პარლამენტში მიღებული იქნა ახალი კანონი არჩევნების შესახებ, მშვიდად გადანაწილდა საარჩევნო ოლქები, საერთაშორისო დამკვირვებლები მოწვეულნი არიან არჩევნებამდე 5 თვით ადრე და არა როგორც ადრე ხდებოდა - არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.
- როგორია უკრაინელი ხალხის განწყობა მოქმედი მთავრობის მიმართ? როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა არსებული მთავრობა არჩევნებზე ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას ?
- დარწმუნებული ვარ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რეგიონების პარტიის ლიდერობაში. აგიხსნით რატომაც: ჩვენ ჩავატარეთ მასშტაბური კამპანია სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოვამზადეთ პროგრამა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ევრო-2012ის მაგალითზე დავამტკიცეთ, რომ არ არსებობს ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც არ შეგვეძლოს.
ამჟამად ჩვენი მიზანია მეწარმეთა საქმიანობისთვის უკეთესი პირობების შექმნა. ეს აბსოლუტურად კონკრეტული საკითხებია, ადამიანებისთვის ძალიან მგრძნობიარე და ადამიანები ამ ქმედებებსა და შედეგებს შეაფასებენ და არა დაპირებებს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე