მითოლოგი ვარდან სედრაკიანი, რომელიც ახლახან გამოჩნდა სომხეთის პოლიტიკურ ასპარეზზე და მომავალში პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს, აცხადებს, რომ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი მთიანი ყარაბაღის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს.
"როდესაც სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას დავიკავებ, სომხეთის კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას გამოვიყენებ და არწახს (მთიანი ყარაბაღი) ვაღიარებ. ასევე ვაღიარებ ომის დროს განთავისუფლებულ სომხურ მიწებს სომხეთის განუყოფელ ნაწილად. ამის შემდეგ კი ნახჭევანსა და სამცხე ჯავახეთზე დავფიქრდებით", _ აცხადებს მითოლოგი ვარდან სედრაკიანი.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ღმერთის წინაშე იყოს მართალი, ასევე აღიარებს სხვა ხალხების თავისუფლად ცხოვრების უფლებას.
"მე, როგორც სომხეთის პრეზიდენტი, ვაპირებ, ვაღიარო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ისევე, როგორც არწახელ სომხებს აქვთ უფლება, გამოვიდნენ აზერბაიჯანის შემადგენლობიდან და დედა სომხეთთან შეერთდნენ, აფხაზებსა და ოსებსაც აქვთ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან და თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები შექმნან", _ აცხადებს სედრაკიანი.