ENG / RUS       12+

კვანძის გახსნის მოლოდინში

ხელისუფლების ბევრისათვის მოულოდნელი თანხმობა კამპანია „ეს შენ გეხებას" ინიციატივაზე, კიდევ ერთი გამოვლინება იყო იმ სტრატეგიის და ტაქტიკის, რომლითაც იგი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოქმედებს. „ნაციონალები" ჯერ მაქსიმალურად დაამძიმებენ სიტუაციას ანტი-დემოკრატიული და საკუთარ ინტერესებზე მორგებული კანონებისა თუ რეგულაციების მიღებით რაიმე კონკრეტულ სფეროში. შემდეგ კი, თუ საქმეში გავლენიანი ძალა ჩაერია, ბუდიდან ერთ ან ორ ბარტყს გადმოაგდებენ , რომ არასასურველი სიტუაცია დროებით მაინც განმუხტონ. ამ შემთხვევაშიც „გადმოგდებული ბარტყის" როლში მედია აღმოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით, წინასაარჩევნო პერიოდში საკაბელო ტელეკომპანიებს ვალდებულება დაეკისრათ უკლებლივ ყველა სატელევიზიო არხი გაავრცელონ რათა მოსახლეობას მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცეს.

თუმცა ბაქრაძეს მალევე მოუწია მის თავდაპირველ განცხადებაში შესწორების შეტანა, მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა პარლამენტარმა-პოლიტკომისარმა „შეახსენა," რომ ეს ვალდებულება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საარჩევნო პერიოდში იმოქმედებს. ანუ ხელისუფლება მოსახლეობას მხოლოდ 2 თვით აძლევს საშუალებას, რომ დატკბეს მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების თავისუფლებით. არჩევნების დასრულებისთანავე, „ნაციონალების" გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერი პირვანდელ ანუ ამჟამინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ინფორმაციას ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ე.წ. „ნაციონალური" ტელეარხებით იღებს.

დიდი უმადურობა იქნებოდა ხელისუფლების ამ დათმობაში სამოქალაქო სექტორის და კამპანია „ეს შენ გეხება" ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების როლის დაკნინება. სწორედ მათი სამოქალაქო აქტიურობის, პროფესიონალიზმის და თანმიმდევრობის შედეგი იყო ის რომ დასავლეთმა დაინახა რომ ხმები საქართველოში სამოქალაქო სექტორის გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. მართალია, კამპანიას „ეს შენ გეხება" ქუჩაში ათასობით მოქალაქე არ გამოუყვანია, მაგრამ მათ მკაფიოდ დაანახეს დასავლეთს და ხელისუფლებასაც რომ საუბრობდნენ სწორედ ათასობით ადამიანის სახელით და ახმოვანებდნენ მათ მოთხოვნას ჰქონოდათ წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე. თუ „ეს შენ გეხება" კამპანიამ მოახერხა 30,000 ხელმოწერის შეგროვება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, საფუძველი გამოეცლება სპეკულაციებს, რომ ეს მხოლოდ „ელიტარული" არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაა.


თუ „ნაციონალურმა" პარლამენტმა სხვადასხვა მიზეზებით ხელმოწერები არ მიიღო, მმართველი პარტიის იზოლაცია საზოგადოებისგან კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც არჩევნების შედეგებზე აისახება.

კამპანიამ „ეს შენ გეხება" გარკვეული ასოციაციები გააჩინა 2003 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ კამპანიასთან „10 ნაბიჯი თავისუფლებისკენ," რომლის მიზანიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გარდა გარდაუვალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების აუცილებლობაში საზოგადოების დარწმუნება იყო. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ამ კამპანიაში მონაწილე სამოქალაქო აქტივისტები აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვნენ, „ნაციონალურ" ხელისუფლებაში წამყვანი პოზიციები დაიკავეს და დიდწილად სწორედ მათი „დამსახურებაა" ის, რომ საქართველო ჯერ კიდევ „ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყანაა ამოღებულია საარჩევნო დემოკრატიების სიიდან, ხოლო წამყვანი ტელევიზიები და სასამართლო მმართველი პარტიის მსახურებად იქცნენ.

ხელისუფლების კომპრომისი რომლის შედეგადაც, უკვე საარჩევნო კოდექსი დაავალდებულებს საკაბელო პროვაიდერებს წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ სამომხმარებლო პაკეტში ყველა სატელევიზიო არხის ჩასმას, რა თქმა უნდა იძულებითია. თუმცა ეს ვიცით მხოლოდ ჩვენ, დასავლეთში კი ამას ხელისუფლების დემოკრატიულობის ინდიკატორად მიიჩნევენ ალბათ.

თუმცა საკაბელო პროვაიდერებს, რომელთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ კონტროლდება, გააჩნიათ ტექნიკური საშუალებები იმისათვის, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი ტელეარხები ისე მიაწოდონ აბონენტებს, რომ გადაცემის ყურება უბრალოდ შეუძლებელი გახდეს, რამდენიმე საკაბელო ტელევიზია უკვე აკეთებს ამას.

და მაინც, ხელისუფლების თუნდაც დროებით „მორჯულებაში" გადამწყვეტი როლი დასავლეთის და უპირველეს ყოვლისა აშშ-ს ზემოქმედებამ შეასრულა. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ის, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ „ნაციონალური მოძრაობა" იყო ფაქტიურად ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამ „ეს შენ გეხებას" (Must Carry) ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. შეიძლება ითქვას რომ განმეორდა გასული წლის სიტუაცია, როდესაც „ნაციონალების" მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კანონს უკუქცევის ძალა მიენიჭა და აშშ-ს საელჩოს ერთი „შენიშვნა"საკმარისი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის რომ „საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნებული კანონი „შენიშვნის" შესაბამისად შეეცვალათ.

აშშ-ს ზეწოლა ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკური იყო, რადგანაც წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის ფაქტიური მოკვეთა ალტერნატიული ინფორმაციის წყაროებიდან და სხვა რეპრესიული ზომები ვერ ჯდებოდა თუნდაც „გარდამავალი დემოკრატიის" მქონე ქვეყნის სტანდარტებში. შესაბამისად აშშ-ს ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდებოდა ამ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა. მეორე საკითხია, რამდენ ხანს აპირებს აშშ „ნაციონალური" ხელისუფლების თავზე „დემოკრატიის სახარების" კითხვას და ორაზროვანი განცხადებებით ჩვენს საზოგადოებაში კითხვების და ეჭვების დაგროვებას.

ქართულ პოლიტიკურ რეალობებში კარგად ჩახედული ადამიანებისათვის რა თქმა უნდა ირონიული ღიმილისმომგვრელია დავით ბაქრაძის და სხვა „ნაციონალების" განცხადებები, რომ თურმე ხელისუფლება არ ერევა კერძო ტელევიზიების საქმეებში, რომ ხელისუფლებას სურს მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს ყველანაირი აზრი და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, რომ მათ აქვთ ამბიციას რომ 2012 წლის წინასაარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი და სამართლიანი იყოს.

ამ განცხადებების მითუმეტეს არ გჯერა ადამიანს, როდესაც დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღე იგებ თუ რა ზეწოლას განიცდიან ხელისუფლების სტრუქტურებისგან ის მოქალაქეეები ვინც ღიად გამოხატავს სიმპათიას ხელისუფლების რეალური ოპოზიციის მიმართ. ხელისუფლების ოპონენტებზე ზეწოლამ, დაშინებამ ხშირად კი პირდაპირმა ფიზიკურმა ზემოქმედებამ როგორც თბილისში ისევე რეგიონებში, უკვე ენდემური ხასიათი მიიღო. თუ ამას დავუკავშირებთ „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე განხორციელებულ და მოსალოდნელ დამსჯელ ღონისძიებებს, ხელისუფლების ტაქტიკა მეტნაკლებად ნათელი გახდება. ამ ტაქტიკის თანახმად ხელისუფლებას სურს საზოგადოებას დაანახოს რომ ის საკმაოდ ძლიერია და იოლად შეუძლია ბიძინა ივანიშვილს და მის კოალიციას ფრთები შეაკვეცოს. ამ ტაქტიკის მიხედვით ხელისუფლება ცდილობს რეგიონებში მაქსიმალურად გაანეიტრალოს „ქართული ოცნების" და სხვა არასასურველი ოპოზიციური აქტივი, რათა ამ ხალხმა ვეღარ შეასრულონ პარტიის ადგილობრივი საყრდენის როლი, ვერ შეძლონ ხალხის ინფორმირება, დარწმუნება, მობილიზება და ა.შ. მუდმივი ზეწოლის და დაშინების რეჟიმში ცხოვრება და მუშაობა ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს თუკი ზურგს უკან არ გრძნობ რეალურ ძალას რომლისგანაც დაცვას მიიღებ.

სავარაუდოდ, ხელისუფლებამ ეს ტაქტიკა მაშ შემდეგ აირჩია, რაც „ქართულმა ოცნებამ" თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში შთამბეჭდავი და ხალხმრავალი აქციების გამართვა მოახერხა და ხელისუფლების კონტრზომები არ აღმოჩნდა საკმარისი. ხელისუფლებას არ სურს, რომ იგივე განმეორდეს სხვა რეგიონებში, რადგანაც ამ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ დადგება ხელისუფლების მიერ ქვეყნის გარეთ ექსპორტირებული ის დისკურსი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობენ. ამ და სხვა დისკურსებს მისი ხელისუფლების შესახებ სააკაშვილი ჯერ კიდევ ძალიან კარგად ყიდის დასავლეთში და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ნაწილობრივ დადასტურდა კიდეც ატლანტიკური საბჭოს 13 ივნისის სხდომაზე რომელზედაც საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა აშშ-სთვის საქართველოს სტრატეგიულ როლზე ისაუბრა და აღფრთოვანება ვერ დამალა საბჭოს სხდომაზე საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის გამოსვლის გამო, რომელშიც ელჩმა საკმაოდ ოპტიმისტურად შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარება და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქართულ საზოგადოებაში მომხდარ „მენტალურ რევოლუციას." სწორედ ეს გახლავთ ის ერთ ერთი დისკურსი რომლის პრეზენტაციასაც სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" ასე აქტიურად ახდენენ საერთაშორისო არენაზე.


ატლანტიკური საბჭოს ეს სხდომა, რომლის შინაარსზეც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება ინტერნეტის უქონლობისა და ინგლისურის არცოდნის გამო, ბევრი რამით იყო საინტერესო ჩვენთვის. ატლანტიკური საბჭო საკმაოდ გავლენიანი სტრუქტურაა. 2010 წელს მან საქართველოს საკითხზე სპეციალური ორ-პარტიული კომისია შექმნა, რომელსაც რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი ხელმძღვანელობენ. ცნობისათვის, ამ კომისიის წევრია აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, რომლის ქართული ფილიალის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში, ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი სისტემატურად ცხადდებიან უპირობო ლიდერებად პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად.


საბჭოს სხდომაზე ცალსახად ითქვა, რომ საქართველო აშშ-სთვის რეგიონში საკვანძო ქვეყანა და გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია, სხვა ყველაფერთან ერთად როგორც კასპიის ენერგომატარებლების გამტარი დერეფანი. დეიმონ ვილსონის გამოსვლაში საქართველო მოხსენიებულ იქნა, როგორც „პოსტსაბჭოთა სივრცეზე დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის წარმატებული მაგალითი"(?!) ატლანტიკურმა საბჭომ 2012 და 2013 წლის არჩევნები საქართველოსათვის მიიჩნია მთავარ გამოწვევად და ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების და საარჩევნო გარემო კონკურენტულობის დემონსტრირების საშუალებად. ეს ყოველივე სააკაშვილს და მის ხელისუფლებას უკვე უჩვეულოდ მრავალჯერ გაუმეორეს სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის მოსაზრებების შეჯერება მანამდე საქართველოში ვიზიტად მისი ბოსის ჰილარი კლინტონის მოსაზრებებთან გარკვეულწილად ნათელს ჰფენს აშშ-ს პოზიციებს მომავალ არჩევნებთან და ზოგადად ქვეყნაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. თვითოეული ქართველი ორივე ხელით დაეთანხმებოდა ჯონ ბასის განცხადებას, რომ საქართველოსადმი აშშ-ს და ევროპის „უზომო" მხარდაჭერის „მთავარი პრინციპია" საქართველოს თავისუფლება თავად აირჩიოს მისი მომავალი და სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ხალხის ჩართვა ამ თემაზე დისკუსიებში . ბასის აზრით, საქართველო დემოკრატიზაციის კომპონენტით აშკარად გამოირჩევა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისაგან და ეს „წარმატების მაგალითია" (success story).

ბასმა განაცხადა, რომ საქართველოსადმი აშშ-ს ინტერესი და დახმარების ხარისხი მნიშვნელოვანწიალდ იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად მოახერხებს საქართველო დემოკრატიის გაძლიერების კუთხით იყოს ლიდერი რეგიონში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის. ის რომ დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ, სააკაშვილისეულ საქართველოს განიხილავენ პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავიანთი ძალისხმევის ჯერჯერობით ერთადერთ „success story"-დ და მაგალითს სხვებისათვის, სააკაშვილის ხელისუფლებას უადვილებს აშშ-სგან მიღებული ამ „საშინაო დავალების" შესრულებას. ვიდრე პოსტაბჭოთა ქვეყნებში დღევანდელი ავტორიტარული რეჟიმები იბატონებენ, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია დემოკრატიის დღევანდელი დონითაც და მცირე კოსმეტიკური ცვლილებებით მათ ფონზე ყოველთვის გამოჩნდეს როგორც „დემოკრატიის შუქურა," „sucees story." და ა.შ.

წარმატებული და სხვებისთვის მიმზიდველი სახელმწიფოს მოდელი არის კიდევ ერთი ის დისკურსი, რომლითაც სააკაშვილი ცდილობს საერთაშორისო მხარდაჭერა მოიიპოვოს და ატლანტიკური საბჭოს 13 ივნისის სხდომა სწორედ ასეთი მხარდაჭერის ფორუმად გადაიქცა. ბუნებრივია, ამაზე ღიად და პირდაპირ არ თქმულა, მაგრამ გამოსვლების შინაარსი და პათოსი ამაზე მიანიშნებდა. ბასის აზრით, ხელისუფლებამ გაცილებით მეტი ენერგია მოანდომა ინფრასტრუქტურის, ინსტიტუტების და სერვისების მოდერნიზაციას ვიდრე დემოკრატიის კომპონენტების გაძლიერებას, რაც მისი აზრით არ ნიშნავს რომ ამ სფეროში პროგრესი არ შეიმჩნევა.

ბასმა ჩამოთვალა რამდენიმე გამოწვევა, რომლის წინაშეც მისი აზრით დგას საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს გამოწვევებია ქართული საზოგადოების მიერ ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის რთულად აღქმაა. ქართულ საზოგადოებაში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების სიმწირეა,რწმენა იმისა რაც ობიექტურ მონაცემებს არ ეფუძნება, ტოლერანტობის ნაკლებობა განსხვავებული აზრის, პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგური კუთვნილების მიმართ და ის რომ ქართველები თვლიან რომ ქართველობა ეს არის ეთნიკურად ქართველობა და მართლმადიდებლობა, რაც ბასის აზრით არ ტოვებს ადგილს საქართველოს ბევრი განსხვავებული რწმენის და ეთნიკურობის მქონე მოქალაქეებისათვის. კიდევ ერთი გამოწვევა ელჩის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისგან მიღებული სიკეთეების გაუვრცელებლობა მოქალაქეთა ფართო ფენებზე, განსაკუთრებით სოფლებში. ისე საინტერესოა, ნუთუ აშშ-ში მართლა სჯერათ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, მაშინ როდესაც ქვეყანა ფაქტიურად გარე დახმარებებით საზრდოობს?

იქვე ბასმა მსუბუქად დაიჩივლა, რომ ინვესტორებს საქართველოში ბიზნესთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის პროცედურების ნაკლები გამჭვირვალობა და ნაკლები სამართლიანობა, ბიზნეს გარემოს ნაკლები პროგნოზირებადობა და საკუთრების, მათ შორის ინტელექტუალურ, უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. მისი თქმით ამ ფაქტორებმა ბოლო წლებში საქართველოში პოტენციური ინვესტიციები დაამუხრუჭა.

გამოწვევებს შორის დასახელდა რუსეთთან ურთიერთობები და სეპარატისტული ტერიტორიები. მათი მოგვარება ბასმა შორეული მომავლის პერსპექტივად მიიჩნია, როდესაც რუსეთის ახალი ხელმძღვანელობა უფრო „სენსიტიური" გახდება საქართველოს მიმართ. ელჩმა არცერთხელ არ გამოიყენა ტერმინი „ოკუპაცია" და ერთ ერთ პოტენციურ საფრთხედ გაყოფილ ტერიტორიებზე გაზრდილ თაობებს შორის „საერთო მეხსიერებისა და საერთო გამოცდილების არარსება" დაასახელა. რაც მთავარია, ელჩი პოზიტიურად აფასებს სააკაშვილის მიერ რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივას, რათა რუსებმა პირველწყაროდან გაიგონ საქართველოს მიღწევებზე.
ამ გამოწვევების დაძლევის ოპტიმიზმის საფუძველს ჯონ ბასს ის „მენტალური რევოლუცია აძლევს" რომელსაც ის ქვეყნის მასშტაბით ამჩნევს განსაკუთრებით 25 წლამდე ახალგაზრდებში. ელჩის დაკვირვებით, ამ თაობის ადამიანებს წინა თაობებისგან განსხვავებით „ფუნდამენტალურად განსხვავებული კონცეფცია აქვთ თავიან ქვეყანაზე და მის ადგილზე მსოფლიოში და იმ შესაძლებლობებზე რასაც ცხოვრება მათ აძლევთ." ამის წაკითხვისას როგორ არ გაგახსენდება მიხეილ სააკაშვილის „ფრთოსანი" ფრაზები „ჩარეცხილებზე," „პოლიტიკურ მუმიებზე," „ჩაშმორებულ წარსულის გადმონაშთებზე" და ა.შ. ეს ხომ სწორედ იმ თაობის ხალხს ეხება, რომლებსაც ჯონ ბასი ახალი თაობის წარმოამდგენლებს ადარებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ბასმა ფაქტიურად სააკაშვილის რიტორიკით ისაუბრა.
ბასის გამოსვლიდან ცალსახად ნათელი გახდა, რომ აშშ ხელისუფლების მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ექნება ქუჩის აქციების როგორც საარჩევნო პროცესის ნაწილის ან პოლიტიკური ინსტრუმენტის მიმართ. ბასის აზრით, რომელიც სავარაუდოდ NDI კვლევებს ეყრდნობა, საქართველოს საზოგადოებას სტაბილურობა და სიმშვიდე სწყურია. შესაბამისად, რა კეთილშობილი მოტივებითაც არ უნდა გაამართლოს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები, თუნდაც ეს იყოს ხმების დაცვა, 2003 წელი სავარაუდოდ არ განმეორდება და აშშ ამ პროცესებში არ ჩაერევა.
გამოსვლის ბოლოს ბასმა განსაკუთრებულად შეაქო საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი რიჩარდ მაილსი, რომელმაც „რამდენიმე წლის უკან საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა." ხომ არ იყო ეს მინიშნება, სცენარის განმეორების ალბათობაზე?!
ჯონ ბასის გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკმაოდ მკაფიოდ გამოთქმული (როდესაც უნდათ შესანიშნავად ახერხებენ!) გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ იყო - გააგრძელეთ მოდერნიზაცია, ოღონდ ეს ნუ იქნება ხუთიოდე კაცის პრეროგატივა და რაც შეიძლება ფართოდ ჩართეთ ამ პროცესში მოქალაქეები!. მისი აზრით, სწორედ მრავალფეროვან ინფორმაციაზე სრული ხელმისაწვდომობა უნდა გახდეს ამის საწინდარი. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება თუ რა ზემოქმედება იყო აშშ-ს მხრიდან ხელისუფლებაზე „MUST CARRY" და "MUST OFFER" კამპანიებთან დაკავშირებით.

ძალიან ნიშანდობლივი იყო საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ამერიკელთა შეფასება. ჯონ ბასი თვლის, რომ ზოგადად საარჩევნო გარემო იძლევა კონკურენტული არჩვებნების ჩატარების საშუალებას, თუმცა "არის სფეროები სადაც გაუმჯობესებას ვისურვებდით" და რაზედაც აშშ და ევროპელები საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. კითხვაზე არიან თუ არა საქართველოში პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად იქნებიან აღიარონ არჩევნებში თუნდაც ძალზედ მტკივნეული დამარცხება, ბასმა უპასუხა, რომ ეს სამუშაო ჯერ კიდევ პროცესშია და იქვე ბედნიერ გამონაკლისად ირაკლი ალასანია დაუსახელა. ამერიკელებს თურმე ძალიან მოსწონებიათ როდესაც ალასანიამ მარცხი აღიარა და უგულავას გამარჯვება მიულოცა. გამოდის, რომ ალასანია, იმისათვის რომ ამერიკელების თვალში ქულები დაეწერა, მზად იყო ეს ქულები დაეკარგა ქართველი ამომრჩევლის თვალში. თუ ჯონ ბასი და აშშ-ს სხვა ოფიციალური პირები დღევანდელ საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანად აფასებენ და მხოლოდ მცირე ხარვეზებზე წუხან, ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს ამ „მცირე ხარვეზების" კოსმეტიკური რემონტი.

სხვათა შორის, ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის სექტემბერში მოსალოდნელ რუსულ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმოთ. მონაწილეებს განსაკუთრებით აინტერესებდათ თუ რამდენად მდგრადია და შეუქცევადია საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ამიტომაც სააკაშვილის მიერ დასავლეთში ექსპორტირებული დისკურსი, რომ კრემლის მითითებით ძალიან ბევრი „რუსული ფული" შემოდის ქართულ პოლიტიკაში იმისათვის რომ ქვეყნის ორიენტაცია შეცვალონ, როგორც ჩანს საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს პოულობს.

თუ არჩევნებთან დაკავშირებილ აშშ-ს მოლოდინებს მათი სტრატეგიული ინტერესების ჭრილში განვიხილავთ, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მათი პრეფერენცია მაინც სააკაშვილი და მისი გუნდია. შესაბამისად, აშშ-ც და ევროპაც არაოფიციალურად, მაგრამ გამართლებას მოუძებნიან ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებს, თუკი ისინი ზედმეტად აგრესიული და საკანონმდებლო ჩარჩოდან აშკარად ამოვარდნილი არ იქნება. ამიტომაც მცირეოდენი შენიშვნებით კონტროლის პალატის მოქმედებებზე და სხვა პატარა გადაცდომებზე ისინი სააკაშვილს მოუწოდებენ რომ ჯოხი ბოლომდე არ გადაღუნოს.

ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე როგორც ბასის ისე სხვა გამომსვლელების მიერ სააკაშვილზე და მის გუნდზე დადებითი შეფასებები აშკარად სჭარბობდა უარყოფითს. ფაქტია, რომ აშშ-სთვის ნადვილად არ არის სულერთი თუ როგორი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს 2012 და 2013 წლის არჩევნების შედეგად. ამიტომაც საუბარი საქართველოს თავისუფალ არჩევანზე ცოტა ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. წარმოიდგინეთ რა პასუხი უნდა გასცეს აშშ-ს ნებისმიერმა ადმინისტრაციამ საკუთარ ამომრჩეველს და ადგილობრივ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, თუკი საქართველოს ხელისუფლებაში თავისუფალი არჩევნების ან რევოლუციის შედეგად აშშ-სთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალა მოვიდა, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელების ამერიკული პროექტი და მისი "success story" - საქართველო საბოლოოდ ჩავარდა. ისე როგორც ეს მოხდა უკრაინასა და ყირგიზეთში.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში" მცირერიცხოვანი და შედარებით ნაკლებრეიტინგიანი პროდასავლური პარტიების (რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების) ყოფნა დასავლეთისათვის ვერ იქნება იმის გარანტია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ივანიშვილი შეინარჩუნებს პროდასავლურ კურსს იმ სახით როგორითაც მას სააკაშვილი ატარებს. შემთხვევითი არ იყო, რომ ატლანტიკურ საბჭოზე ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის თვითდანიშნულ ლიდერად („self-appointed opposition leader") მოიხსენიეს. იმ შემთხვევაშიც კი თუკი კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა, რთული დასადგენია რამდენად ფართოდ იქნებიან იქ წარმოდგენილი კოალიციის ეს პროდასავლური პარტიები, რამდენად შეძლებენ პოლიტიკაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენის მოხდენას ან ექნებათ კი ამის სურვილი?! აშშ-ს მხრიდან, როგორც ჰილარი კლინტონის პირით, ასევე ატლანტიკურ საბჭოს სხდომაზე უკვე დაფიქსირდა სურვილი, რომ საქართველოში სურთ იხილონ მრავალპარტიული პარლამენტი. ეს სურვილი კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბიძინა ივანიშვილის სურვილთან მოიპოვოს პარლამენტში ისეთი უმრავლესობა, რომელიც მას უპრობლემოდ მისცემს საშუალებას გახდეს პრემიერ-მინისტრი.

დღეს აშშ-ს ადმინისტრაცია რთული დილემის წინაშე დგას. ერთის მხრივ მას სურს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები განმტკიცდეს და ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა მოხდეს, მეორეს მხრივ კი ვაშინგტონს აშინებს, რომ ამ თავისუფალი არჩევნების და ხელისუფლების გადაცემის შედეგად საქართველოში და რეგიონში აშშ-ს სტრატეგიული გავლენა არ შესუსტდეს. ატლანტიკურ საბჭოზე რომელზედაც აშშ-ს პოლიტიკურ და საექსპერტო წრეების ელიტა ესწრებოდა, აღნინიშნა, რომ საქართველოს საკმაოდ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში არსებობს ელექტორატის სეგმენტი, რომელმაც ქვეყნის „ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისგან" (?!) აქამდე ვერ მიიღო სარგებელი, ან მათთვის რიგი მიზეზის გამო მიუღებელია პროგრესისა და განვითარების არსებული გზა, ან კი საერთოდ უარყოფენ პროგრესის არსებობას. მომავალ არჩევნებზე სავარაუდოდ სწორედ ამ ტიპის ელექტორატი წარმოადგენს ამერიკელებისთის პოტენციურ საფრთხეს, რადგანაც ამ ელექტორატმა შესაძლოა მხარი ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს.

ივანიშვილის დეკლარირებული განზრახვა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე შეიძლება ვაშინგტონში შეშფოთების საგანიც იყოს, რადგანაც რამდენად შორს წავა ეს ნორმალიზაციის პროცესი და რა შედეგებს გამოიღებს ის აშშ-ს ინტერესებისათვის ამის გათვლა ძალიან რთულია. ამიტომაც აშშ-ს სავარაუდოდ სურს შეინარჩუნოს ხელისუფლებაში სააკაშვილის გუნდი, მაგრამ არ იცის რა უყოს თავად სააკაშვილს, რომელსაც როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრობა სურს, რაც ვაშინგტონის და ზოგადად დასავლეთის გეგმებში არ შედის. მეორეს მხრივ, ვაშინგტონისთვის ცხადია რომ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობას" გაუჭირდება დომინირებული პოზიციების შენარჩუნება, ვინაიდან „ნაციონალთა" პოლიტიკურ გალერეაში თანაწონადი ქარიზმული ლიდერი არ იკვეთება. სააკაშვილი კი ყველანაირად ცდილობს, რომ ამერიკელებს მისი შეუცვლელობა დაუმტკიცოს და ამისათვის არაპოპულარულ ნაბიჯებსაც არ ერიდება. ახლახანს ბათუმში სამედიცინო კონფერენციაზე სააკაშვილმა უახლოეს მომავალში ახალი წესის შემოღებაზე განაცხდა, რომლის თანახმადაც უმაღლესი სასწავლებლის დიპლომებს ვერ აიღებენ ის პირები, რომელთაც ინგლისური ენა არ ეცოდინებათ.


"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე

 

 

ავტორი: . .