ENG / RUS       12+

Le Figaro: ქართველების ლობისტური ომი ვაშინგტონში

ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოში არსებულ პოლიტიკური ვითარების შესახევ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს. ამჯერად გამოცემა ვაშინგტონში ქართველების "ლობისტური ომის" შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მილიარდერმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა შეერთებულ შტატებში რამდენიმე ლობისტური კომპანია დაიქირავა იმისთვის, რომ თავის მეტოქეს, მიხეილ სააკაშვილს პოზიციები შეურყიოს.

"საქართველოს წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ თბილისში არ მიმდინარეობს, არამედ პოტომაკის ნაპირებზეც, ვაშინგტონში. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის დედაქალაქში ლობისტების არმია დაიქირავა და საკუთარი მეტოქის პოზიციების შესარყევად იანვრის შემდეგ K Street-ის ყველაზე სოლიდური კომპანიებისთვის უკვე დაახლოებით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი. მრავალრიცხოვან შუამავლებს შორის, ავტორიტეტულმა ფირმა Patton Boggs-მა უკვე დახარჯა 510.000 დოლარი 2012 წელს, მაშინ როდესაც კომპანიების National Strategies და BGR Group ბიუჯეტი ქართველი კლიენტისთვის - ერთის 160.000, მეორის კი 180.000 დოლარს შეადგენს - უჩვეულოდ დიდი ციფრი უცხოური ოპოზიციური პარტიისთვის", - ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ კამპანია პრესაში, ვიზიტები კაპიტოლიუმის ბორცვზე კონგრესმენებზე გავლენის მოსახდენად, შეხვედრები კვლევით ორგანიზაციებთან, რომლებიც საგარეოპოლიტიკურ კლიმატს ქმნიან, იმ მასშტაბურ ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელიც მიმართულია ამერიკის იმაში დარწმუნებისკენ, რომ მისი მოკავშირე დემოკრატიის კუნძული არ არის, როგორადაც თავს წარმოადგენს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Podesta-ს და Orion Strategies ყოველთვიური ჰონორარი - ერთის 50.000, მეორის კი 45.000 დოლარია.

"უფროსი რუსი ძმის მუდმივი ყურადღების ფონზე სააკაშვილის მთავრობისთვის ამერიკასთან ურთიერთობა გადარჩენის საშუალებად იქცა. მართალია, უმცროსი ჯორჯ ბუშის დროს ეს ურთიერთობა გაცილებით მჭიდრო იყო, თუმცა თბილისის მხარდაჭერას, რომელიც რეგიონში „საუკეთესო მოწაფედ" მიიჩნევა, პრეზიდენტი ობამაც განაგრძობს. თუმცა თეთრ სახლს სურს, რომ რეჟიმი დემოკრატიიზაციის გზით წავიდეს, განსაკუთრებით რეგიონებში. საქართველოს ხელისუფლება კი თავის მხრივ აცხადებს, რომ სრული გამჭვირვალეობის ადვოკატირება, ნაივური მიდგომაა, რითაც შეიძლება გზა გაეხსნას მოსკოვის „მხარდაჭერას", რამაც მათი დასავლური პროექტი შეიძლება ჩაშალოს"-, ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ქართულ თარგმანს "foreignpress"-ი აქვეყნებს.

 

ავტორი: . .