პარლამენტში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია განიხილეს. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კონცეფციის პროექტის განხილვისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ კონცეფცია მოკლე სავიზიტო განაცხადია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას ეხმიანება. იგი მიიჩნევს, რომ კონცეფციას ახალი ქვეთავი - პოლიტიკა, სამართალი, უსაფრთხოება - უნდა დაემატოს.
,,ჩრდილოეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სამართლებრივად რუსეთის შემადგენლობაში შედის. საქართველო ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. თუმცა, თანამედროვე ევროპული მიდგომა სასაზღვრო საკითხებში თემებს შორის თანამშრომლობას, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში არ გამორიცხავს,, - დასძინა დარჩიაშვილმა.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურის თქმით, დოკუმენტში დავით დარჩიაშვილის წინადადება გათვალისწინებული იქნება და მას დაემატება კიდევ ერთი ქვეთავი რისკების შესახებ. კერძოს, დოკუმენტში ტერიორიზმისგან მომდინარე საფრთხეები გაიწერება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიელ და ქთველ ხალხებს ემუქრება.
წიკლაურის განმარტებით, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის პროექტში შეხედულებათა სისტემა არის წარმოჩენილი და მისი მიმართულებებია: ადამიანის უფლებები, რეგიონული უსაფრთხოება, განათლება და კულტურა, ჯანდაცვა, ხალხთა შორის კავშირები.
მისივე თქმით, საქართველო, ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ევროპული სახელმწიფოების ძალისხმევას კარგად ხედავს.
კომიტეტების მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს, 15 ივნისს, ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. თვის ბოლომდე პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც მას აღმასრულებელი ხელისუფლება დაამტკიცებს.